ბათუმში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი საჯარო სკოლა აშენდება. მშენებლობის ადგილზე სიმბოლური კაფსულის ჩადების ცერემონია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან და აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მაია ხაჯიშვილთან ერთად მიიღო. მიხეილ ჩხენკელმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და მთელი საქართველოს მასშტაბით საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
მიხეილ ჩხენკელი: „დღეს მართლაც სასიხარულო დღეა - ქალაქ ბათუმის ცენტრში საფუძველი ეყრება კიდევ ერთი ახალი საჯარო სკოლის მშენებლობას. მოხარული ვარ, მონაწილეობა მივიღო ამ სკოლის მშენებლობის დაწყების საზეიმო ღონისძიებაში. საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაზე ზრუნვა ჩვენი გუნდის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და ამის თვალსაჩინო მაგალითია აჭარის რეგიონში 1400 მოსწავლეზე გათვლილი კიდევ ერთი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლის მშენებლობის დაწყება, რომელიც ჩვენს ახალგაზრდებს უსაფრთხო და კომფორტულ გარემოში მისცემს განათლების მიღების შესაძლებლობას.
ჩვენი გუნდის მთავარ ამოცანას მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართული საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა წარმოადგენს, რაც ხელს შეუწყობს სკოლებში თანაბრად ხელმისაწვდომი სასწავლო გარემოს შექმნას. ამ მიმართულებით არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი უკვე განხორციელდა. როგორც მოგეხსენებათ, მხოლოდ 2021-2022 წლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ 3 ახალი საჯარო სკოლა აშენდა, ხოლო 237 საჯარო სკოლას სრული, ან ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდა; ამავე წლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით, აჭარის რეგიონში აშენდა 4 ახალი საჯარო სკოლა, სრული ან ნაწილობრივი რეაბილიტაცია კი 28 სკოლას ჩაუტარდა. რაც შეეხება საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, 2019 წლიდან დღემდე რეგიონებში 106 საჯარო სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია დასრულდა, კიდევ 39 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია წლის ბოლომდე განხორციელდება.
ჩვენ ვაგრძელებთ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას მთელი ქვეყნის მასშტაბით სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიმართულებით. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით იწყება 1 მილიარდი ლარის ღირებულების მასშტაბური პროექტი, რაც 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციას გულისხმობს.
პროექტის პირველი ეტაპი მიმდინარე წლის სექტემბერ-ოქტომბერში დაიწყება და ტენდერი 80 ახალი სკოლის მშენებლობასა და 320 სკოლის რეაბილიტაციაზე გამოცხადდება. დარჩენილი 400 სკოლის რეაბილიტაციის ტენდერი 2023-2024 წლებში გამოცხადდება და 2026 წლის ბოლოსთვის, ჯამში, 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია განხორციელდება.
პროექტი საგანმანათლებლო რესურსებზე თანაბარ ხელმისაწვდომობასა და მათ გაუმჯობესებას უზრუნველყოფს და მისი განხორციელებით 230 000-ზე მეტი მოსწავლე ისარგებლებს. შედეგად, 2026 წლის ბოლოსთვის ყველა საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ინფრასტრუქტურულად გამართული იქნება.
რეაბილიტაციისა და ახალი სკოლების მშენებლობის დროს გათვალისწინებულია მათი აღჭურვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. კერძოდ, მოეწყობა თანამედროვე ლაბორატორიები, სპორტული ინფრასტრუქტურა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიმართულებით. ყველა სკოლა მთლიანად ადაპტირებული იქნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.
კიდევ ერთხელ მინდა, მოგილოცოთ ამ უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტის დაწყება. აჭარის მთავრობასთან ნაყოფიერი თანამშრომლობით, ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ზრუნვას!“
ბათუმში ახალი საჯარო სკოლის მშენებლობის ადგილზე სიმბოლური კაფსულის ჩადების ცერემონიაში მონაწილეობა ასევე მიიღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ მახარაშვილმა, აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ, ქალაქ ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების სხვა წარმომადგენლებმა.
ქალაქ ბათუმის ცენტრალურ ნაწილში, დემეტრე თავდადებულისა და ილია ჭავჭავაძის ქუჩების კვეთასთან 1400 მოსწავლეზე გათვლილი, ახალი 3 სართულიანი საჯარო სკოლა აშენდება; შენობაში საკლასო ოთახების გარდა, განთავსდება სპორტული და სააქტო დარბაზები, ბიბლიოთეკა; მოეწყობა ღია მოედანი და სარეკრეაციო სივრცე. სკოლა მთლიანად ადაპტირებული იქნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებზე.
პროექტს აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ახორციელებს და მისი ღირებულება 7 000 000 ლარამდეა.