საქართველოში ღვინის მასშტაბური ფესტივალი დაიწყო, რომელიც ქართული ღვინისა და ტრადიციების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. ახალი ფესტივალი სახელწოდებით „ღვინის დღეები საქართველოში“ პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით ქვეყნის მასშტაბით 26 ლოკაციაზე, 9 ოქტომბრიდან 15 ოქტომბრამდე იმართება. მეღვინეობის დარგის პოპულარიზაციისა და პროფესიული განათლების ცნობადობის გაზრდის მიზნით ფესტივალს მრავალფეროვანი აქტივობებით შეუერთდა კაჭრეთის პროფესიული კოლეჯი „აისი“. კოლეჯში გამართულ ღონისძიებებში მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ვალერიან გობრონიძემ მიიღო.
ფესტივალის ფარგლებში კოლეჯის ტერიტორიაზე მეღვინე ფერმერების წარმოებული ღვინოების გამოფენა გაიმართა. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, ღვინის ტექნოლოგიებთან დაკავშირებით დასწრებოდნენ მასტერკლასს და დაეგემოვნებინათ კოლეჯის მიერ ნაწარმოები ღვინო.
აღსანიშნავია, რომ კაჭრეთის მუნიციპალიტეტში მეღვინეობა საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას და რეგიონის განვითარებისა და დასაქმების უმნიშვნელოვანეს წყაროს წარმოადგენს. შესაბამისად, მევენახეობა-მეღვინეობა პროფესიულ კოლეჯში ერთ-ერთი წამყვანი სპეციალობაა.