საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სომხეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩთან, აშოტ სმბატიანთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა, რომლის დროსაც მხარეებმა განათლებისა და მეცნიერების სფეროში არსებული და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.
მიხეილ ჩხენკელმა სომხეთის რესპუბლიკის ელჩს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და თავის საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
შეხვედრისას მინისტრმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში იგეგმება სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ვაჰრამ დუმანიანის ვიზიტი საქართველოში. ვიზიტის დროს ხელი მოეწერება თანამშრომლობის ახალ მემორანდუმს, რომლის ფარგლებში ზოგადი და უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით ერთობლივი პროექტები განხორციელდება.
მიხეილ ჩხენკელის თქმით, კვიპროსში გაეროს ეკონომიკური კომისიის (UNECE) მხარდაჭერით ორგანიზებული მინისტერიალის ფარგლებში, მას შესაძლებლობა ჰქონდა, პირადად შეხვედროდა სომეხ კოლეგას და განეხილა საქართველოში ვიზიტის დეტალები და თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლის საკითხები.
თავის მხრივ, სომხეთის რესპუბლიკის ელჩმა აშოტ სმბატიანმა მიხეილ ჩხენკელს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან აქტიური თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა სომხეთის რესპუბლიკის ელჩის პირველი მდივანი დავიდ ჯანაზიანი.