არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ მახარაშვილმა და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ.
თამარ მახარაშვილმა სიტყვით გამოსვლისას სკოლებში უსაფრთხო და ჯანსაღი საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ამ მიმართულებით მოსწავლეებში, მასწავლებლებსა და სასკოლო საზოგადოებაში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობაზე გაამახვილა ყურადღება.
როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმთავრეს პრიორიტეტს, ხელმისაწვდომი და ხარისხიანი განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფასთან ერთად, მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე ზრუნვა წარმოადგენს. ამ მიზნით, სამინისტრო უკვე მრავალი წელია თანამშრომლობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, რომლის ჩართულობითაც ბოლო წლებში არაერთი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო პროექტი განხორციელდა.
მხარეებს შორის გაფორმებული მემორანდუმი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო კურსის „სამართლებრივი კულტურის‘‘ დანერგვის გზით ითვალისწინებს სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას. სასწავლო კურსი, რომელიც „სკოლის, საზოგადოებისა და პოლიციის თანამშრომლობის პროგრამის“ ფარგლებში შემუშავდა, გულისხმობს სამოქალაქო განათლების მასწავლებლებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურეებისთვის ტრენინგების უზრუნველყოფას, პროცესში ჩართულ მხარეებთან – მანდატურებთან, მასწავლებლებთან, სამართალდამცავებთან სარეკომენდაციო სახის შეხვედრების ჩატარებასა და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან კოორდინაციას.
მემორანდუმი ხელს შეუწყობს სწავლა-სწავლების პროცესში „სამართლებრივი კულტურის“ სახელმძღვანელოსა და ონლაინ კურსის დანერგვის მხარდაჭერას. აღნიშნული კურსი ისეთ მნიშვნელოვან თემებს მოიცავს, როგორებიცაა – ბავშვთა უფლებები, ტოლერანტობა, კონფლიქტების მართვა, ცხოვრების ჯანსაღი წესი, სამოქალაქო ჩართულობა, ოჯახში ძალადობის, ადრეული ქორწინების, ტრეფიკინგისა და კიბერდანაშაულის აღმოფხვრა.
ხელმოწერის ცერემონიის ფარგლებში „სკოლის, საზოგადოებისა და პოლიციის თანამშრომლობის პროგრამის“ შემაჯამებელი პრეზენტაციაც გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგ თამარ მახარაშვილმა და ალექსანდრე დარახველიძემ პროგრამაში ჩართულ მასწავლებლებსა და სამართალდამცველებს მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებისა და სკოლაში უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფის საქმეში შეტანილი წვლილისთვის შესაბამისი სერტიფიკატები გადასცეს და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვეს.
„სკოლის, საზოგადოებისა და პოლიციის თანამშრომლობის პროგრამა“ PH International-ის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ სტრუქტურებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს ფინანსური მხარდაჭერით, განხორციელდა. აღნიშნული პროგრამა მიზნად ისახავდა მოზარდებსა და სამართალდამცავ ორგანოებს შორის პოზიტიური კომუნიკაციის გაუმჯობესების ხელშეწყობას, მოზარდთა შორის დანაშაულის პრევენციას, სამართლებრივ საკითხებზე ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას, პოლიციის საზოგადოებრივი საქმიანობის მხარდაჭერასა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფის საქმეში სასკოლო საზოგადოების ჩართულობის ზრდას.
ღონისძიებაში მონაწილეობა ასევე მიიღეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს საქართველოს ოფისის დირექტორმა სარა რუპერტმა და PH International-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა ბერდია ნაცვლიშვილმა.