საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტთან, მსოფლიოში ცნობილ მეცნიერთან, პროფესორ ვოლფგანგ ჰერმანთან სამუშაო შეხვედრა გამართა. მხარეებმა უნივერსიტეტის სამომავლო განვითარების პერსპექტივები და ადრონული თერაპიის ცენტრის პროექტთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
როგორც მინისტრმა განაცხადა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს, რომელმაც ოპერირება 2020 წელს დაიწყო, სწრაფად მზარდი რეიტინგი აქვს, რაც იმის მანიშნებელია, რომ მისი განვითარება სწორი სტრატეგიით მიმდინარეობს. მიხეილ ჩხენკელმა ვოლფგანგ ჰერმანს მიულოცა ის ფაქტი, რომ 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, საშუალო საკონკურსო ქულის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი რეიტინგში პირველია. მინისტრმა მადლობა გადაუხადა საპატიო პრეზიდენტს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
შეხვედრაზე მიხეილ ჩხენკელმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ოპერირება მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით შექმნილი აკადემიური პროგრამებით დაიწყო. ეს მიდგომა ნარჩუნდება და კონკრეტულ დარგში მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან აკადემიური პროგრამების შექმნაზე მუშაობა ინტენსიურად მიმდინარეობს, რაც უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის ხარისხს განაპირობებს.
მინისტრის თქმით, ამ მიმართულებით განსაკუთრებით აღსანიშნავია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის თანამშრომლობა სან დიეგოს სახელმწიფო და ლუვენის უნივერსიტეტებთან, კიბერუსაფრთხოების სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების შექმნისა და განხორციელების მიზნით.
ვოლფგანგ ჰერმანთან შეხვედრაზე მიხეილ ჩხენკელმა ასევე განაცხადა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით შენდება ადრონული თერაპიის ცენტრი, სადაც ონკოლოგიისა და პროტონული თერაპიის მიმართულებით კვლევების წარმოების პროცესში საერთაშორისო სამეცნიერო წრეები ჩაერთვებიან. სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის ადრონული თერაპიის ცენტრის ულტრათანამედროვე ციკლოტრონები სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან კომპანიაში (IBA) უკვე აეწყო. აღსანიშნავია, რომ ერთი ციკლოტრონი მთლიანად განკუთვნილი იქნება სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის სამედიცინო და ბირთვულ ფიზიკაში, ხოლო მეორე მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას. ის ფაქტი, რომ ერთი ციკლოტრონი მთლიანად კვლევისთვის იქნება განკუთვნილი, განსაკუთრებულ დაინტერესებას იწვევს საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების მხრიდან. ამის დასტურია ის, რომ მრავალმა ცნობილმა უცხოელმა მეცნიერმა, უკვე გამოთქვა სურვილი, ქართველ მეცნიერებთან ერთად მონაწილეობა მიიღოს კვლევების განხორციელებაში, მათ შორის, ადრონული თერაპიის ცენტრის სამეცნიერო-კვლევით პროცესში ჰარვარდის მედიცინის ფაკულტეტის წამყვანი პროფესორები ჩაერთვებიან.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, საამაყოა, რომ მომავალში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული ადრონული თერაპიის ცენტრი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სიმსივნური დაავადებების განკურნებაში და უამრავი ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს.
პროფესორ ვოლფგანგ ჰერმანთან საუბრისას მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ უნივერსიტეტის სტრატეგიულ განვითარებაში დიდ როლს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო ასრულებს, რომლის შემადგენლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ცნობილი და წამყვანი მეცნიერები არიან და, ასევე, ინდუსტრიის მრჩეველთა საბჭო, რომელიც უზრუნველყოფს აკადემიური პროგრამების შექმნის პოლიტიკას და სტუდენტების მომზადებას შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად.
მიხეილ ჩხენკელთან შეხვედრისას ქუთაისის უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტმა, პროფესორმა ვოლფგანგ ჰერმანმა ყურადღება გაამახვილა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მნიშვნელობაზე და განაცხადა, რომ საქართველოს უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით ეს პროექტი უნიკალურია. როგორც მან აღნიშნა, განსაკუთრებით საამაყოა, რომ უნივერსიტეტის დაარსების დღიდან პირადად არის ჩართული KIU-ს განვითარების საქმეში. ვოლფგანგ ჰერმანის თქმით, ორმაგად სასიხარულოა, რომ ამ გამორჩეული უნივერსიტეტის ნაწილი გახდა გერმანიის სამეცნიერო საზოგადოება და გერმანული მხარე ასე აქტიურად იღებს მონაწილეობას მის წინსვლაში.
შეხვედრის დასასრულს მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ყოფილმა პრეზიდენტმა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტმა ვოლფგანგ ჰერმანმა მხარდაჭერისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს და არსებული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრა.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი წარმოადგენს საქართველოს განათლების სისტემის მეგა-პროექტს. უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბიძინა ივანიშვილია. სწორედ მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად ქვეყანაში გაჩნდა მსოფლიო მასშტაბის აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი სივრცე.