საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიას ეწვია. მინისტრს გორისა და ატენის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ უმასპინძლა და გიმნაზიის შენობა პირადად დაათვალიერებინა.
ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჩხენკელმა გიმნაზიის ხელმძღვანელებთან და პედაგოგებთან შეხვედრა გამართა და მადლობა გადაუხადა მათ ახალგაზრდების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი წვლილისთვის.
მინისტრი გიმნაზიის მგალობელთა გუნდის წევრებსაც შეხვდა და მათ მიერ შესრულებული საგალობლები მოისმინა.
ვიზიტის დასასრულს მეუფე ანდრიამ მიხეილ ჩხენკელი 2023 წლის იანვარში, გიმნაზიის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ საშობაო ფესტივალ „გენეთლიაზე“ მიიწვია, რომელშიც მონაწილეობას სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები მიიღებენ. ფესტივალის ფარგლებში, ჩატარდება მოსწავლეთა სასწავლო კონფერენცია, კონკურსები, ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა და სხვა.
ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია საქართველოს საპატრიარქოს მიერ დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც მოსწავლეებს, ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის, ჯანსაღ სასწავლო გარემოში სთავაზობს ხარისხიანი, ზოგადი განათლების მიღებას.
სასწავლებელში მოსწავლეებთან შესაბამისი, მაღალკვალიფიციური, პედაგოგიური კოლექტივი მუშაობს. აღსაზრდელები ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებთან ერთად სწავლობენ: ძველ ქართულ ენას, საღვთო სჯულს, ქრისტიანული კულტურის ისტორიას, ქართულ ხალხურ სიმღერებს და საეკლესიო საგალობლებსა და ქართულ ცეკვებს. მოსწავლეებს ასევე შესაძლებლობა აქვთ, დაეუფლონ სხვადასხვა ხელობას. სასწავლებელში ფუნქციონირებს – ბუნებისმეტყველების, ხეზე კვეთის, ფერწერის, ლიტერატურისა და თეატრის, სიმღერისა და გალობის, ხალხური საკრავებისა და ცეკვის წრეები.
სასწავლებლის შენობა მოიცავს 33 საკლასო ოთახს, კომპიუტერულ კლასს, ლაბორატორიას, კეთილმოწყობილ სააქტო დარბაზსა და სახელოსნოს.
მოსწავლეებს ასევე აქვთ საშუალება, ისარგებლონ ბიბლიოთეკით, რომელიც უზრუნველყოფილია მრავალფეროვანი წიგნადი ფონდით და პერიოდული გამოცემებით.
დღეისათვის სასწავლებელში 500-ზე მეტი მოსწავლე იღებს ზოგად განათლებას.