სტუდენტთა მხარდაჭერის მიზნით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და კომპანია „გალფს“ შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში წარჩინებულ პირველკურსელთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა მიიღო.
დაჯილდოების ცერემონიაზე ნუნუ მიცკევიჩმა სიტყვით გამოსვლისას სტუდენტებს მიღწეული წარმატება მიულოცა და ნაყოფიერი სასწავლო წელი უსურვა. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან საქართველოში, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და კერძო სექტორთან. ბოლო წლების განმავლობაში მათთან პარტნიორობის ფარგლებში განათლების სხვადასხვა საფეხურზე, როგორც სტუდენტებისათვის ასევე, ახალგაზრდა მეცნიერებისთვის არაერთი მხარდამჭერი პროგრამა შემუშავდა.
ღონისძიებაზე გამოვლინდა 100 წარჩინებული პირველკურსელი, რომლებმაც 2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში საუკეთესო შედეგები აჩვენეს. ისინი ერთი სასწავლო წლის განმავლობაში ყოველთვიური სტიპენდიის სახით 300 ლარს მიიღებენ.
მნიშვნელოვანია, რომ როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ასევე, კომპანია „გალფის“ ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს, თანაბრად ხელმისაწვდომი სასწავლო გარემოს შექმნის მხარდაჭერის გზით, ახალგაზრდა თაობის ხელშეწყობა წარმოადგენს. შესაბამისად, ამ მიმართულებით მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება.
დაჯილდოების ღონისძიებაში მონაწილეობა ასევე მიიღეს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა, „პეტროკას ენერჯი ჯგუფის‘‘/„გალფის“ წარმომადგენელმა ივანე ნაკაიძემ, „გალფის“ გენერალურმა დირექტორმა ქრეიგ სთივენ ქრამერმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ, საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა და სხვადასხვა დაინტერესებულმა მხარეებმა, მათ შორის საჯარო და კერძო სექტორების, საგანმანათლებლო დაწესებულებების, ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.