საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამის ფარგლებში ახალი ონლაინ სარეგისტრაციო პორტალი შეიქმნა, რაც ახალგაზრდებს განაცხადის ელექტრონულად წარდგენის შესაძლებლობას მისცემს.
ახალ ელექტრონულ პორტალთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანთან და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს მინისტრის პირველ მოადგილე ლია გიგაურთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრას შესაბამისი ადგილობრივი თვითმართველობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც ელექტრონული პორტალის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების დაფინანსების პროგრამაზე რეგისტრაციისა და განაცხადის წარდგენის პროცესში ჩართული მხარეების ფუნქცია-მოვალეობებს გაეცნენ.
მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს სტუდენტთა მხარდამჭერი პროგრამების განხორციელება და განვითარება წარმოადგენს. ამ მიმართულებით ბოლო წლებში არაერთი ქმედითი ნაბიჯი გადაიდგა, მათ შორის, სხვადასხვა ინიციატივასთან ერთად, 2013 წლიდან ამოქმედდა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების დაფინანსების პროგრამა.
პროგრამა, რომლის ბიუჯეტი შეადგენს 5 000 000 ლარს, განკუთვნილია 9 მუნიციპალიტეტის: გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის, საჩხერის, ონის, დუშეთის, წალენჯიხის და ზუგდიდის გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების დაფინანსებისთვის, არაუმეტეს 2250 ლარით სასწავლო წლის განმავლობაში. დაფინანსება ყოველწლიურად გაიცემა უმაღლესი განათლების პირველ და მეორე საფეხურზე ჩარიცხულ სტუდენტებზე. 2021-2022 წელს პროგრამის ფარგლებში დაფინანსება 2 209 სტუდენტმა მიიღო.
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ სტუდენტებს, პროგრამაში ჩართვის მიზნით, სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით ელექტრონული რეგისტრაციის გავლის შესაძლებლობა 9 ნოემბრიდან 5 დეკემბრის 18:00 საათამდე აქვთ ელექტრონულ პორტალზე: http://socreg.mes.gov.ge