საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში ისრაელის ახლად დანიშნულ ელჩთან ჰადას მეიცადთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრის ფარგლებში მინისტრმა ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა პირადად მიულოცა და მას მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. მხარეებმა განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს და ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების, მათ შორის, კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) აკადემიური პროგრამების განხორციელების გზებზე იმსჯელეს.
მიხეილ ჩხენკელმა ისრაელის ელჩს განათლების სისტემის მთავარი მეგა-პროექტის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და საუბრისას მისი განვითარების პერსპექტივებზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბატონი ბიძინა ივანიშვილია. სწორედ მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად ქვეყანაში გაჩნდა მსოფლიო მასშტაბის აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი სივრცე.
მიხეილ ჩხენკელის შეფასებით, უნივერსიტეტის მაღალ სტანდარტსა და ინტერნაციონალიზაციის ხარისხს განაპირობებს ის მიდგომა, რომელიც ითვალისწინებს კონკრეტულ დარგში აკადემიური პროგრამების შექმნას მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. მინისტრმა აღნიშნა, რომ უნივერსიტეტში ამ ეტაპზე მოქმედი პროგრამები მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ანალოგს წარმოადგენს. მისი თქმით, მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა აქტიურად გრძელდება და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ეტაპობრივად ჩნდება ახალი აკადემიური პროგრამები განათლების სამივე საფეხურისათვის. აღსანიშნავია, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ლექციებს ქართველ პროფესორებთან ერთად უცხოელებიც კითხულობენ და უნივერსიტეტის კარი ღიაა პროფესორებისთვის და სტუდენტებისთვის ისრაელიდან.
მიხეილ ჩხენკელმა ასევე აღნიშნა, რომ ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე დაარსდება ადრონული თერაპიის ცენტრი, სადაც ონკოლოგიისა და პროტონული თერაპიის მიმართულებით კვლევების წარმოების პროცესში საერთაშორისო სამეცნიერო წრეები ჩაერთვებიან. მინისტრის თქმით, დაინტერესების შემთხვევაში, კვლევით პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ მეცნიერებს ისრაელიდან. სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის ადრონული თერაპიის ცენტრის ულტრათანამედროვე ციკლოტრონები სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან კომპანიაში (IBA) უკვე აეწყო. აღსანიშნავია, რომ ერთი ციკლოტრონი მთლიანად განკუთვნილი იქნება სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის სამედიცინო და ბირთვულ ფიზიკაში, ხოლო მეორე მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას. მინისტრის თქმით, ის ფაქტი, რომ ერთი ციკლოტრონი მთლიანად კვლევისთვის იქნება განკუთვნილი, განსაკუთრებულ დაინტერესებას იწვევს საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების მხრიდან. ამის დასტურია ის, რომ მრავალმა ცნობილმა უცხოელმა მეცნიერმა, უკვე გამოთქვა სურვილი, ქართველ მეცნიერებთან ერთად ჩაერთოს კვლევით პროცესში.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალი ჩარჩო პროგრამა Horizon Europe-ის ფარგლებში ქართველ და ისრაელელ მეცნიერებსა და მკვლევრებს შორის თანამშრომლობის საკითხებს. მიხეილ ჩხენკელის თქმით, 2021 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის უშუალო ჩართულობით, საქართველო ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალი ჩარჩო პროგრამის, Horizon Europe-ის წევრი გახდა. ასოცირების საერთაშორისო შეთანხმებას ხელი ბრიუსელში, საზეიმო ვითარებაში მოეწერა. შედეგად, საქართველოს სამეცნიერო საზოგადოებას შესაძლებლობა აქვს, მონაწილეობა მიიღოს 95.5 მილიარდი ევროს ბიუჯეტის მქონე კვლევისა და ინოვაციის პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსებში იმავე პირობებითა და უფლებებით, რითაც ევროკავშირის ქვეყნების სამეცნიერო და ინოვაციების სფეროს წარმომადგენლები სარგებლობენ. აღსანიშნავია, რომ საქართველოში Horizon Europe-ის ეროვნული და საგრანტო ოფისები უკვე ფუნქციონირებს.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ძალიან სასიხარულოა, რომ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ რამდენიმე ქართველმა მეცნიერმა უკვე მოიპოვა Horizon Europe-ის დაფინანსება.
თავის მხრივ, ისრაელის ელჩმა დადებითად შეაფასა სამინისტროს მიერ განათლებისა და მეცნიერების განვითარების კუთხით გადადგმული ნაბიჯები. ჰადას მეიცადმა განსაკუთრებით გამოყო განათლების სისტემის მეგა-პროექტი და განაცხადა, რომ მას პირადად ჰქონდა შესაძლებლობა, მოენახულებინა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და გასცნობოდა როგორც აკადემიურ პერსონალს, ასევე სტუდენტებს. მისი თქმით, ეს პროექტი მართლაც უნიკალურია და რეგიონის განვითარებაში დიდ როლს შეასრულებს. შეხვედრის დასასრულს ჰადას მეიცადმა სამინისტროსთან და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან, სამეცნიერო კავშირების გაძლიერების კუთხით, მჭიდრო თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.