პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის 30 წლის საიუბილეო კვირეულის პირველი ღონისძიება გაიმართა, რომლის ფარგლებში უნივერსიტეტში Horizon Europe-ის საგრანტო ოფისი გაიხსნა. საზეიმო გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა მიიღო.
ნუნუ მიცკევიჩმა დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და ადმინისტრაციულ პერსონალს საიუბილეო თარიღი მიულოცა. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში საგრანტო ოფისების დაფუძნების უმთავრესი მიზანია ქართველ მკვლევართა ჯგუფების ხელშეწყობა კონკურენტუნარიანი საპროექტო განაცხადების მომზადების პროცესში, რაც ევროკავშირის საგრანტო კონკურსებში მათ წარმატებულ მონაწილეობას შეუწყობს ხელს.
Horizon Europe-ის პროგრამის კონკურსებში საქართველოს წარმომადგენლები ისარგებლებენ ზუსტად ისეთივე პირობებითა და უფლებებით, როგორითაც ევროკავშირის ქვეყნების სამეცნიერო და ინოვაციების სფეროს წარმომადგენლები სარგებლობენ.
საზეიმო გახსნის ღონისძიებაში ასევე მონაწილეობა მიიღეს თსა-ის რექტორმა ირინე შოთაძემ, სამედიცინო განათლების ინოვაციების ცენტრის (CIMED) ხელმძღვანელებმა – პროფესორებმა, სამედიცინო განათლების მიმართულებით ჟოსეტ დენეკენსმა და ჰერმან ვან როსუმმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა და თსა-ის აკადემიურმა და ადმინისტრაციულმა პერსონალმა.
2021 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის უშუალო ჩართულობით, საქართველო ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალი ჩარჩო პროგრამის, Horizon Europe-ის წევრი გახდა. ასოცირების საერთაშორისო შეთანხმებას ბრიუსელში ხელი მოაწერეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა და ინოვაციის, კვლევების, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდობის საკითხებში ევროკომისარმა მარია გაბრიელმა. სწორედ აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე დაფუძნდა საქართველოში Horizon Europe-ის ეროვნული ოფისი.
Horizon Europe-ის საგრანტო ოფისები უკვე გაიხსნა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ევროპის უნივერსიტეტში.