საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი სამუშაო ვიზიტით სან მარინოს რესპუბლიკაში იმყოფება. მინისტრმა შეხვედრა გამართა სან მარინოს რესპუბლიკის უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კორადო პეტროჩელისთან. მხარეებმა სან მარინოს რესპუბლიკის უნივერსიტეტსა და საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
შეხვედრისას მიხეილ ჩხენკელმა პროფესორ კორადო პეტროჩელის საქართველოს განათლების სისტემის მთავარი მეგა-პროექტი – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი გააცნო. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბატონი ბიძინა ივანიშვილია. სწორედ მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად ქვეყანაში გაჩნდა მსოფლიო მასშტაბის აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი სივრცე.
მიხეილ ჩხენკელის შეფასებით, უნივერსიტეტის მაღალ სტანდარტსა და ინტერნაციონალიზაციის ხარისხს განაპირობებს ის მიდგომა, რომელიც ითვალისწინებს კონკრეტულ დარგში აკადემიური პროგრამების შექმნას მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით. მინისტრმა აღნიშნა, რომ უნივერსიტეტში ამ ეტაპზე მოქმედი პროგრამები მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ანალოგს წარმოადგენს. მისი თქმით, მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა აქტიურად გაგრძელდება და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ეტაპობრივად გაჩნდება ახალი აკადემიური პროგრამები განათლების სამივე საფეხურისათვის. მიხეილ ჩხენკელის თქმით, ის მოხარული იქნება, თუკი სან მარინოს რესპუბლიკის უნივერსიტეტი და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი მჭიდროდ ითანამშრომლებენ ერთობლივი აკადემიური პროგრამების განხორციელების მიზნით, განსაკუთრებით კი დიზაინის პროგრამის დანერგვის მიმართულებით, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო საგანმანათლებლო პროგრამად არის აღიარებული.
სან მარინოს რესპუბლიკის უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრისას მიხეილ ჩხენკელმა ასევე აღნიშნა, რომ ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე შენდება ადრონული თერაპიის ცენტრი, სადაც ონკოლოგიისა და პროტონული თერაპიის მიმართულებით კვლევების წარმოების პროცესში საერთაშორისო სამეცნიერო წრეები ჩაერთვებიან. სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის ადრონული თერაპიის ცენტრის ულტრათანამედროვე ციკლოტრონები სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან კომპანიაში (IBA) უკვე აეწყო. აღსანიშნავია, რომ ერთი ციკლოტრონი მთლიანად განკუთვნილი იქნება სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის სამედიცინო და ბირთვულ ფიზიკაში, ხოლო მეორე მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას. მინისტრის თქმით, ის ფაქტი, რომ ერთი ციკლოტრონი მთლიანად კვლევისთვის იქნება განკუთვნილი, განსაკუთრებულ დაინტერესებას იწვევს საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების მხრიდან. ამის დასტურია ის, რომ მრავალმა ცნობილმა უცხოელმა მეცნიერმა, უკვე გამოთქვა სურვილი, ქართველ მეცნიერებთან ერთად ჩაერთოს კვლევით პროცესში.
სან მარინოს რესპუბლიკის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა კორადო პეტროჩელიმ თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან – დიზაინის ერთობლივი აკადემიური პროგრამების შემუშავებისა და დანერგვის მიმართულებით. პროფესორმა კორადო პეტროჩელიმ ასევე აღნიშნა, რომ სან მარინოს რესპუბლიკის უნივერსიტეტის პროფესორები აქტიურად ჩაერთვებიან ადრონული თერაპიის ცენტრის სამეცნიერო-კვლევით პროცესში.
შეხვედრას ესწრებოდნენ სან მარინოს რესპუბლიკის განათლების, კულტურის, ახალგაზრდული პოლიტიკის, საუნივერსიტეტო და სამეცნიერო კვლევების მინისტრი ანდრეა ბელუცი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიის რესპუბლიკაში, ასევე, სან-მარინოსა და მალტის რესპუბლიკებში კონსტანტინე სურგულაძე.