საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ მახარაშვილმა განათლებაში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიზნით ჩატარებული კონკურსის დაჯილდოების ცერემონია გახსნა.
მინისტრის პირველმა მოადგილემ ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა, ვიდეო-კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეებსა და სკოლების წარმომადგენლებს მიღწეული წარმატება მიულოცა და მათ სპეციალური პრიზები გადასცა.
როგორც თამარ მახარაშვილმა აღნიშნა, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მინისტრის პირველი მოადგილის თქმით, სწორედ ამ მიზანს ემსახურება მოსწავლეებისთვის მსგავსი სასკოლო კონკურსებისა და სხვადასხვა არაფორმალური საგანმანათლებლო აქტივობების შეთავაზება.
აღსანიშნავია, რომ კონკურსის ფარგლებში გამარჯვებულებს შორის დასახელდა – თბილისის 71-ე და 142-ე საჯარო სკოლები, ქუთაისის მე-2, მე-12, 23-ე, 33-ე საჯარო სკოლები და კერძო სკოლა „პროგრესი“, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საზანოს საჯარო სკოლა და კერძო სკოლა „ანაბასისი“, საჩხერის მე-2 და მე-3 საჯარო სკოლები, ხონის მე-2 საჯარო სკოლა, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაცხის საჯარო სკოლა, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ორპირის საჯარო სკოლა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადაბურის საჯარო სკოლა.
სასკოლო კონკურსი პროექტის – „გენდერულად გამართული სწავლება თანაბარი განათლების შესაძლებლობისთვის” ფარგლებში ჩატარდა. ღონისძიების მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ, სრული ინფორმაცია მიეღოთ აღნიშნული პროექტის მიზნებისა და მიღწეული შედეგების შესახებ. ამასთან, პროექტში ჩართულმა სკოლის მოსწავლეებმა, დირექტორებმა და მასწავლებლებმა დამსწრე საზოგადოებას საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.
ღონისძიების დასასრულს ორგანიზატორებმა მოწვეულ სტუმრებს კონკურსში გამარჯვებული ერთ-ერთი საუკეთესო საინფორმაციო ვიდეო რგოლიც წარუდგინეს.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით ასევე მიმართა სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის (CCIIR) ხელმძღვანელმა შალვა ტაბატაძემ და საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლის მოადგილე თამარ საბედაშვილმა. სიტყვით გამომსვლელებმა ისაუბრეს როგორც განათლებაში გენდერული თანასწორობის მნიშვნელობაზე, ასევე პროექტის განხორციელების დადებით შედეგებზე.
პროექტი – „გენდერულად გამართული სწავლება თანაბარი განათლების შესაძლებლობებისთვის” გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის პარტნიორი ორგანიზაციაა სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი (CCIIR).