საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა 2022 წლის საუკეთესო დირექტორის დაჯილდოების ცერემონია გახსნა, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და კონკურსის მონაწილეებს გამარჯვება პირადად მიულოცა.
მიხეილ ჩხენკელმა საუბრისას სკოლის დირექტორთა მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრის თქმით, დირექტორებს, როგორც სკოლის გუნდის ლიდერებს, უდიდესი წვლილი შეაქვთ სასკოლო კულტურის უზრუნველყოფის საქმეში, რაც, თავის მხრივ, მოსწავლეთა აკადემიური განვითარების უმთავრეს წინაპირობას წარმოადგენს.
2022 წლის საუკეთესო დირექტორის ტიტულის მფლობელი ქალაქ ხაშურის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი მორის დანდურიშვილი გახდა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საპატიო ჯილდო – საუკეთესო დირექტორის სამკერდე ნიშანი გადასცა.
მეორე ადგილი ქალაქ თბილისის მე-200 საჯარო სკოლის დირექტორმა მარინე უჯმაჯურიძემ დაიკავა, ხოლო მესამე ადგილის მფლობელი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუმასტურის საჯარო სკოლის დირექტორი რუსუდან ბორჩაშვილი გახდა.
2022 წლის საუკეთესო დირექტორის კონკურსის გამარჯვებული და ფინალისტები სასწავლო ვიზიტით შვეიცარიაში გაემგზავრებიან, სადაც ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრს (CERN), ციურიხის გიმნაზიასა და პედაგოგიურ უნივერსიტეტს ეწვევიან. გამარჯვებული დირექტორების სკოლებს საჩუქრად ასევე გადაეცემათ ვირტუალური ლაბორატორიები.
წლის საუკეთესო დირექტორის დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ მახარაშვილმა, საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარმა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დირექტორმა ზურაბ კერვალიშვილმა.
საუკეთესო დირექტორის კონკურსი ყოველწლიურად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ტარდება. კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა საქართველოს საჯარო სკოლების დირექტორებს აქვთ.
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში იყვნენ – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტისა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები. კანდიდატების შეფასების პროცესში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს პედაგოგთა პროფკავშირის წარმომადგენლები და საჯარო სკოლების დირექტორები.