საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთათვის ტესტირება ელექტრონული ფორმით 2023 წლის 22 იანვარს ერთ სესიად ჩატარდება.
ტესტირების დაწყების დროა 12:00 საათი და მისი ხანგრძლივობა შეადგენს 5 საათს. რაც შეეხება მხედველობის პრობლემის მქონე დირექტორობის მსურველებს, მათ დამატებით კიდევ 30 წუთი მიეცემათ.
ტესტირების დროის გახანგრძლივების მიზნით, მხედველობის პრობლემის მქონე პირებმა წინასწარ უნდა მიმართონ სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას და წარმოადგინონ შესაბამისი განაცხადი მხედველობის შესახებ სამედიცინო დასკვნასთან ერთად.
დირექტორობის მსურველები საგამოცდო ცენტრებში რეგისტრაციისათვის ტესტირების დაწყებამდე ერთი საათით ადრე უნდა გამოცხადდნენ. აპლიკანტებმა, რეგისტრაციის გავლის მიზნით, ადგილზე უნდა წარმოადგინონ პირადობის მოწმობა ან პასპორტი. დაგვიანების, პირადობის მოწმობისა ან პასპორტის არქონის შემთხვევაში აპლიკანტები ტესტირებაზე არ დაიშვებიან.
ტესტირებაზე დირექტორობის მსურველებმა თან უნდა იქონიონ წყალი პლასტმასის ბოთლით და საწერი კალამი (შავ ფურცელზე მუშაობის მიზნით). დირექტორობის მსურველს ასევე აქვს უფლება, თან იქონიოს პირადი ჰიგიენის საგნები.
იმ შემთხვევაში, თუ დირექტორობის მსურველს აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები და საჭიროებს საათობრივად კვებასა ან მედიკამენტების მიღებას, მას თან უნდა ჰქონდეს საკვები და შესაბამისი მედიკამენტები. საკვები რეგისტრაციის დროს უნდა გადაეცეს უფლებამოსილ პირს.
იმისათვის, რომ დირექტორობის მსურველებს, კვების მიზნით, მიეცეთ შესაბამის სივრცეში გასვლის უფლება, მათ საგამოცდო ცენტრში რეგისტრაციის დროს უნდა წარმოადგინონ უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ გაცემული სამედიცინო დასკვნა (ცნობა, ფორმა 100), სადაც მითითებული იქნება საათობრივად კვების აუცილებლობა. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ აპლიკანტმა წინასწარ გააფრთხილოს რეგისტრატორი კვებისა ან მედიკამენტების მიღების დროსთან დაკავშირებით.
ასევე, დირექტორობის მსურველს მიეცემა შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში, მოითხოვოს დრო ჩვილის კვების მიზნით, რის შესახებაც ტესტირების დღეს წინასწარ უნდა მიაწოდოს ინფორმაცია რეგისტრატორს.
საგამოცდო ცენტრების მისამართები და დირექტორობის მსურველთა გადანაწილების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე – https://directors.mes.gov.ge აქვე შეგიძლიათ, გაეცნოთ ტესტირების პროცესში მონაწილე დირექტორობის მსურველთა ქცევის წესებსა და ტესტზე მუშაობის ინსტრუქციას.
შეგახსენებთ, რომ დირექტორობის მსურველთა საგამოცდო პროგრამა და ტესტის ნიმუშები 2022 წლის 24 ოქტომბრიდან ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: https://directors.mes.gov.ge, ხოლო ჩატარებული ვებინარების ჩანაწერების ნახვა შესაძლებელია ბმულზე – https://el.ge/webinars/subjects/101?filter=ended
გაცნობებთ, რომ ტესტირების შედეგების გაგება შესაძლებელი იქნება სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდისა https://emis.ge/ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებგვერდის https://directors.mes.gov.ge/ მეშვეობით რეგისტრაციის დროს მინიჭებული უნიკალური კოდის მითითებით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გისურვებთ წარმატებებს!