24 იანვარს განათლების საერთაშორისო დღე მსოფლიო მასშტაბით უკვე მეხუთედ აღინიშნება. 2023 წელს ამ თარიღის მსოფლიო გზავნილს – „ადამიანებში ინვესტირება, განათლებისთვის პრიორიტეტის მინიჭება‘‘ წარმოადგენს.
უკანასკნელ წლებში საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან განათლება პრიორიტეტულ მიმართულებად არის აღიარებული. ამის თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს 2022 წლის 20 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის ფარგლებში გამართული „განათლების ტრანსფორმაციის სამიტი“, სადაც საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. დელეგაციის წევრებს შორის იყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, რომელმაც მაღალი დონის სამიტის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
„განათლების ტრანსფორმაციის სამიტზე“ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი საზოგადოების წინაშე სიტყვით წარდგა და დეტალურად ისაუბრა 2022-2030 წლების განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგიის მიხედვით განხორციელებულ და დაგეგმილ სიახლეებზე. მნიშვნელოვანია, რომ განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა მაქსიმალურად ითვალისწინებს მდგრადი განვითარების მიზნებს და ხელს უწყობს მიმდინარე განათლების რეფორმის ფარგლებში მიღწეული შედეგების გამყარებას.
აღსანიშნავია, რომ თითოეული ინიციატივა და პროექტი, რომელსაც ახორციელებს საქართველოს მთავრობა სრულ შესაბამისობაშია აღნიშნული სტრატეგიით გათვალისწინებულ პრიორიტეტებთან და მიმართულია საზოგადოებისა და სახელმწიფოს საჭიროებებზე ორიენტირებული ხარისხიანი, თანასწორი, ინკლუზიური და მრავალფეროვანი განათლებისა და მეცნიერების სისტემის უზრუნველყოფისკენ.
„განათლების ტრანსფორმაციის სამიტმა“, რომელშიც მონაწილეობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები იღებდნენ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ განათლება მშვიდობისა და მდგრადი განვითარების უნივერსალურ საფუძველს წარმოადგენს.
24 იანვარი გაეროს გენერალურმა ასამბლეამ განათლების საერთაშორისო დღედ 2018 წელს გამოაცხადა. ამ თარიღის აღნიშვნის მთავარი მიზანია მსოფლიო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება თანასწორი საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფის მნიშვნელობის შესახებ.