ქალაქ თბილისის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში, მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილთან ერთად, მიიღო.
ნუნუ მიცკევიჩმა სიტყვით გამოსვლისას მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მეცნიერ ქალებს აღნიშნული თარიღი მიულოცა.
მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ქალ მეცნიერებს იმ ფასდაუდებელი წვლილისთვის, რაც მათ მეცნიერების განვითარების საქმეში შეიტანეს. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ჰყავს არაერთი გამორჩეული ქალი მეცნიერი, რომელმაც ქვეყანა საერთაშორისო ასპარეზზე მრავალჯერ ასახელა.
საუბრის დასასრულს ნუნუ მიცკევიჩმა ქალ მეცნიერებს მადლობის სიგელები გადასცა და მათ პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
ღონისძიებაში ასევე მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ზაზა მარუაშვილმა, თბილისის საკრებულოს წევრებმა, სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლებმა და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა.
დაჯილდოების ცერემონიის შემდგომ ნუნუ მიცკევიჩმა და თინათინ ნიბლოშვილმა ქართველი მეცნიერების მხარდაჭერის კუთხით განსახორციელებელი ინიციატივები და პროექტები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.
11 თებერვალი გაეროს გენერალური ასამბლეის ეგიდით მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღედ 2015 წელს გამოცხადდა. ამ დღის აღნიშვნის მთავარ მიზანს მეცნიერებისა და განათლების სფეროში ქალების თანასწორი განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს.