კოლეჯ „სპექტრში“ პროგრამის –„წყალარინების სისტემების ექსპლუატაციის“ ახალი საწარმოს გახსნის ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ვალერიან გობრონიძემ მიიღო მონაწილეობა.
მინისტრის მოადგილემ დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა, მადლობა გადაუხადა პროგრამის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში ჩართულ მხარეებს და საუბრისას პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის კუთხით საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პროფესიული პროგრამების დანერგვის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
საწარმოს გახსნის ღონისძიების ფარგლებში გაფორმდა საჯარო და კერძო თანამშრომლობის (PPP) შესახებ ხელშეკრულება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, კოლეჯ „სპექტრსა“ და კომპანია „ევრომასტერს“ შორის, რომელსაც ხელი ვალერიან გობრონიძემ, კოლეჯ „სპექტრის“ დირექტორმა მათე ტიკაძემ და კომპანია „ევრომასტერის“ დირექტორმა პაატა რუსაძემ მოაწერეს.
ღონისძიებაში მონაწილეობა ასევე მიიღო გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ერნსტ პეტერ ფიშერმა.
აღსანიშნავია, რომ კოლეჯი „სპექტრი“ კომპანია „ევრომასტერის“ ფინანსური მხარდაჭერით სტუდენტებს ერთობლივ პროფესიულ პროგრამას – „წყალარინების სისტემების ექსპლუატაცია“ სთავაზობს, რითაც პირველად ამიერკავკასიის მასშტაბით საქართველოში გერმანული პროფესიული განათლების სისტემის განხორციელება დაიწყება.
„წყალარინების სისტემების ექსპლუატაციის“ სასწავლო პროგრამა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ჩართულობით შემუშავდა.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით შპს ,,ევრომასტერს“ 15 წლით სარგებლობაში უსასყიდლოდ გადაეცა სსიპ – კოლეჯ „სპექტრის“ შენობა „წყალარინების სისტემების ექსპლუატაციის“ ახალი საწარმოს კეთილმოსაწყობად. სრული აღჭურვისათვის კომპანია „ევრომასტერმა“ 5 მილიონი ლარის ღირებულების ინვესტიცია განახორციელა.
მხარეებს შორის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ განახორციელა სახელმწიფო საკუთრებაში და ამავდროულად კოლეჯის კანონიერ სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების რეაბილიტაცია. ამასთან, სამინისტრომ უზრუნველყო საცხოვრისი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტებისა და პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამებზე ჩარიცხული მსმენელებისთვის, მათი საჭიროების შესაბამისად.