საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებას განათლებისა და მეცნიერების ახალი მინისტრი გიორგი ამილახვარი წარუდგინა.
ირაკლი ღარიბაშვილი: „ბატონი გიორგი ამილახვარი არის ძალიან წარმატებული ადამიანი. მე მინდა გითხრათ, რომ მას აქვს ძალიან კარგი, ღირსეული განათლება მიღებული, იგი სწავლობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, შემდგომ გერმანიაში. გერმანიაში, ქალაქ ჰამბურგში მაქს პლანკის კვლევით ინსტიტუტში მუშაობდა თავის სადისერტაციო ნაშრომზე. მას მინიჭებული აქვს სამართლის დოქტორის ხარისხი, არის ასოცირებული პროფესორი. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ბატონ გიორგის აქვს წარმატებული მუშაობის გამოცდილება, იგი გახლავთ ერთ-ერთი ძალიან წარმატებული უნივერსიტეტის დამფუძნებელი, მისი რექტორობის პერიოდში ამ უნივერსიტეტმა ძალიან ბევრ წარმატებას მიაღწია და ერთ-ერთი მართლა ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა შექმნას ახალგაზრდა, მოტივირებულმა ადამიანმა ძალიან თანამედროვე, ევროპული, დასავლური ხარისხის უნივერსიტეტი, სწორედ ასეთი უნივერსიტეტის შემქმნელი გახლავთ ბატონი გიორგი. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ დღემდე ბატონი გიორგი წარმატებით ხელმძღვანელობდა პარლამენტის განათლების და მეცნიერების კომიტეტს. მას უკავშირდება არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა. ბატონი გიორგი წლებია ჩართულია განათლების სფეროში, იგი ძალიან კარგად იცნობს ზოგადად განათლების ყველა საფეხურზე არსებულ ვითარებას, იმ გამოწვევებს, რომლებიც ჯერ კიდევ რჩება განათლების სისტემაში და მე მჯერა, ვარ დარწმუნებული, რომ ბატონი გიორგი იქნება წარმატებული განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. მას აქვს ძალიან კარგი ხედვა, ჩვენ ბევრი გვისაუბრია ბოლო ორი წლის განმავლობაში განათლების საკითხებზე, მან იცის ძალიან კარგად, თუ როგორ უნდა მოგვარდეს ჯერ კიდევ არსებული პრობლემები და მე ვფიქრობ, რომ ბატონი გიორგი იქნება წარმატებული მინისტრი. ბოლოს ვიტყვი, რომ ჩვენ გვჭირდება კარგი მენეჯერები, დარგის მენეჯერები. ამავდროულად, მინდა ვთქვა, რომ გიორგი ამილახვარს აქვს ძალიან ბევრი სამეცნიერო ნაშრომები გამოქვეყნებული, მონოგრაფია ქართულ და ინგლისურ ენებზე, იგი პარალელურად მუშაობდა თავის აკადემიურ საქმიანობაზე, ასე რომ, მე მინდა კიდევ ერთხელ ვუსურვო წარმატება გიორგი ამილახვარს.“
გიორგი ამილახვარმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრს და გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის და სიტყვით გამოსვლისას განათლებისა და მეცნიერების განვითარების მიმართულებით დაგეგმილ სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
გიორგი ამილახვარი: „ბატონო პრემიერ-მინისტრო, მსურს დიდი მადლობა გადაგიხადოთ გამოცხადებული ნდობისთვის, თქვენ და მთლიანად ჩვენს გუნდს.
ჩემთვის დიდი პატივია, ვუხელმძღვანელო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს – უწყებას, სადაც დასაქმებულია ასეულ ათასობით ჩვენი ღირსეული მოქალაქე და სწორედ ეს მოქალაქეები ქმნიან დღეს თანამედროვე საქართველოს. რა თქმა უნდა, ჩვენი ხელისუფლების პირობებში ბევრი რამ გაკეთდა განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით თუმცა, ბუნებრივია კვლავ რჩება რიგი გამოწვევები და პრობლემები, რომელსაც სჭირდება სწრაფი რეაგირება.
ამიტომ პირადად მე და ჩემი გუნდი, დღეიდან დავიწყებთ აქტიურ კომუნიკაციას განათლებისა და მეცნიერების სისტემაში ჩართულ ყველა ადამიანთან – ბავშვებთან, მათ მშობლებთან, ჩვენს დამსახურებულ და ღირსეულ მასწავლებლებთან, სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, პროფესორებთან, მეცნიერებთან და, რა თქმა უნდა, ახალგაზრდებთან და სტუდენტებთან. ყველა არსებულ პრობლემასა და გამოწვევაზე ვიმსჯელებთ მათთან ერთად და მიღებული უკუკავშირის საფუძველზე მივიღებთ სწრაფ და მყისიერ გადაწყვეტილებებს ამ გამოწვევების საპასუხოდ.
გვინდა, რომ სკოლებში ჩვენს შვილებს ყველაფერი საუკეთესო შევთავაზოთ დაწყებული გამართული ინფრასტრუქტურით, გაგრძელებული ხარისხიანი სასწავლო პროგრამით და საგანმანათლებლო რესურსებით. ამიტომ ამ კუთხით აქტიურად და სწრაფად ვიმუშავებთ. აუცილებლად შევქმნით ღირსეულ პირობებს ჩვენი დამსახურებული მასწავლებლებისთვის და ეს იქნება ის ნაბიჯი, რაც ხელს შეუწყობს მასწავლებლების პროფესიის ღირსების ამაღლებასა და პოპულარიზაციის ზრდას.
აუცილებლად დამატებით სოციალურ და ფინანსურ მხარდამჭერ მექანიზმებს შევთავაზებთ ყველა იმ მოტივირებულ, წარჩინებულ და წარმატებულ სტუდენტს, ვისაც აქვს მაღალი აკადემიური მოსწრება და ხელს შევუწყობთ მათ სწავლის დასრულების საქმეში.
ჩვენს პარტნიორ ევროპულ და საერთაშორისო უნივერსიტეტებთან ერთად აქტიურად დავუჭერთ მხარს უმაღლეს და პროფესიულ განათლებაში ერთობლივი ორმაგი პროგრამების განხორციელებასა და დანერგვას, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ დღეს განათლებას არ აქვს საზღვრები და მნიშვნელოვანია ჩვენ უფრო აქტიურად და ფართოდ გავუღოთ კარი საქართველოში ევროპულ და დასავლურ განათლებას.
მინდა აღვნიშნო, რომ პროფესიული განათლება ჩემი მინისტრობის პერიოდში გამოცხადდება პრიორიტეტულ მიმართულებად და უახლოეს პერიოდში შემოგთავაზებთ იმ კონკრეტულ ხედვას, თუ როგორ ვაპირებთ ამ დარგის გარდაქმნას და რა კონკრეტულ და იოლი ფორმის მექანიზმებს შევთავაზებთ დამსაქმებლებს პროფესიულ განათლებაში ჩართულობის კუთხით.
გასული წლების განმავლობაში მიღწეულმა შედეგებმა უკვე მოგვცა შესაძლებლობა, რომ ჩვენ აქტიურად ვიმუშაოთ რეგიონის მასშტაბით საქართველოს, როგორც განათლების მიზიდულობის კერად ჩამოყალიბების კუთხით. ამასთან, გვექნება საშუალება, მოვიზიდოთ მეტი უცხოელი სტუდენტი და პროფესორი საქართველოში, რაც საუკეთესო ინვესტიციაა ჩვენი ქვეყნის განათლების სისტემისთვის და პირდაპირ ხელს უწყობს განათლების ხარისხის ზრდას.
და ბოლოს, ამ და ყველა სხვა დანარჩენ საკითხზე, რომელიც ძალიან ბევრია, უახლოეს მომავალში საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარვუდგენთ ჩვენს ხედვას და გეგმას. ამის შემდგომ კი უკვე ერთობლივად საზოგადოებას საჯაროდ გავაცნობთ იმ კონკრეტულ დროში გაწერილ სამოქმედო გეგმას, რომელიც განათლების ყველა საფეხურს მოიცავს.“