საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, რიინა კალიურანდთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მასთან განათლების ყველა საფეხურზე მიმდინარე ერთობლივი პროექტები განიხილა.
გიორგი ამილახვარმა მადლობა გადაუხადა რიინა კალიურანდს მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და განაცხადა, რომ ესტონეთს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს განათლების სისტემის განვითარების საქმეში.
შეხვედრისას საუბარი შეეხო ესტონურ მხარესთან თანამშრომლობით ზოგადი განათლების განვითარების მიმართულებით მიმდინარე პროექტებს, რაც გულისხმობს ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა-განხორციელების კუთხით მხარდაჭერას.
გიორგი ამილახვარმა ესტონეთის ელჩთან უმაღლესი განათლების სფეროში არსებული პარტნიორობის გაფართოების საკითხზეც იმსჯელა და განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია ესტონეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს უნივერსიტეტებთან, მათ შორის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან, ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტებისა და სტუდენტების გაცვლითი პროგრამების განხორციელების გზით.
მხარეებმა ასევე განიხილეს Erasmus-ის პროგრამის ფარგლებში პარტნიორობის გაღრმავების საკითხები.
თავის მხრივ, ესტონეთის ელჩმა მადლობა გადაუხადა მინისტრს მჭიდრო თანამშრომლობისთვის და მხარდაჭერა აღუთქვა ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების საქმეში.