ქალაქ თბილისის საკრებულოში თამარ მეფისა და შოთა რუსთაველის დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილმა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორ ზაზა აბაშიძესთან ერთად მიიღო.
ნოდარ პაპუკაშვილმა მისასალმებელი სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და თამარ მეფისა და შოთა რუსთაველის დღეები მიულოცა. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ქართული სახელმწიფოებრიობისა და კულტურის ისტორიის ჩამოყალიბების საქმეში მათი ღვაწლი ფასდაუდებელია.
ნოდარ პაპუკაშვილის თქმით, სასიხარულოა, რომ ღონისძიებაზე დამთვალიერებელს შესაძლებლობა მიეცა გასცნობოდა თამარ მეფის ეპოქის ხელნაწერთა ასლებსა და ფოტოგამოფენას, რომლის ორგანიზატორიც ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი გახლდათ. მინისტრის მოადგილის განცხადებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ინიციატივების აქტიური მხარდამჭერია.
ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა ახლად დაფუძნებული ორგანიზაციის – „კულტურული მემკვიდრეობა მომავლისთვის“ პრეზენტაცია, რომლის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს საქართველოს სიძველეთსაცავებში დაცული კულტურული მემკვიდრეობის უძრავი და მოძრავი ძეგლებისა და ობიექტების დაცვა.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძეს საჩუქრად თამარ მეფის ხელნაწერის ასლი გადასცა.
ღონისძიებაში ასევე მონაწილეობა მიიღეს თბილისის საკრებულოს წევრებმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ, ორგანიზაციის ,,კულტურული მემკვიდრეობა მომავლისთვის’’ და სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლებმა და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა.