საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან, პეტერ ფიშერთან სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც მხარეებმა მიმდინარე ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტები, თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
გიორგი ამილახვარმა მადლობა გადაუხადა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს საქართველოს განათლების სისტემის მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ბოლო წლებში გერმანიის მთავრობის ხელშეწყობით არაერთი მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტი განხორციელდა.
შეხვედრისას საუბარი შეეხო როგორც სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივებს, რაც ენერგოეფექტური სკოლების მშენებლობას გულისხმობს, ასევე პროფესიული განათლების განვითარების კუთხით საქართველოსა და გერმანიას შორის არსებულ მიმდინარე პროექტებს. მათ შორის, მხარეებმა განიხილეს ექსელენს-ცენტრებისა (CoE) და პროფესიული სასწავლებლების განვითარების ხელშეწყობის საკითხები.
გიორგი ამილახვარმა აღნიშნა, რომ სამინისტროსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) პარტნიორობის ფარგლებში გრძელდება აქტიური მუშაობა საერთაშორისო დონის ორი ახალი ცენტრის – თელავის ღვინის სკოლისა და დუშეთის ტურიზმის სკოლის განვითარების მიმართულებით. ასევე, გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, აქტიურად მიმდინარეობს თბილისში ტრანსპორტის/ლოგისტიკისა და სამშენებლო მიმართულების ე.წ. ექსელენს ცენტრის განვითარების პროცესიც.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ) არსებულ პარტნიორობაზე და განაცხადა, რომ სწორედ GIZ-ის ხელშეწყობით დაინერგა საქართველოს პროფესიული განათლების სისტემაში გერმანული სწავლების დუალური მოდელი, რომელიც დღეს წარმატებით ხორციელდება და ვითარდება.
თავის მხრივ, პეტერ ფიშერმა გიორგი ამილახვარს მადლობა გადაუხადა ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და კიდევ ერთხელ გამოთქვა საქართველოს განათლების სისტემის მხარდაჭერის მზაობა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გერმანიის საელჩოს განვითარების სფეროში თანამშრომლობის სამსახურის ხელმძღვანელი ლიდია კრისტმანი, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისა (KfW) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლები.