საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი მწუხარებას გამოთქვამს ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრის ხელმძღვანელის, ენათმეცნიერის, სტუ-ის საპატიო დოქტორის, ვილნიუსის ბიზნესკოლეგიის პროფესორ ვიდას კავალიუსკასის გარდაცვალების გამო:
გიორგი ამილახვარი: „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ღვაწლმოსილი ლიეტუველი პროფესორის, ვიდას კავალიუსკასის გარდაცვალების გამო და სამძიმარს ვუცხადებ მის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და კოლეგებს.
ბატონი ვიდას კავალიუსკასის ღვაწლი საქართველოსა და ლიეტუვას შორის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავების საქმეში ფასდაუდებელია. პროფესორი მრავალი წლის განმავლობაში თავდაუზოგავად შრომობდა ქართული და ლიეტუვური როგორც საგანმანათლებლო და სამეცნიერო კავშირების, ასევე კულტურული ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით.
ვიდას კავალიუსკასმა თავისი გამორჩეული სამეცნიერო მოღვაწეობით უდიდესი წვლილი შეიტანა ზოგადი ენათმეცნიერების, ლიეტუვური ენის ფონეტიკისა და აქცენტოლოგიის, ლიეტუვური ენის, როგორც უცხო ენის დიდაქტიკის და აგრეთვე, საერთაშორისო კომუნიკაციის განვითარების საქმეში.
მან აქტიური აკადემიური და პედაგოგიური მოღვაწეობით არაერთი საამაყო თაობა გაზრდა და ქართველ და ლიეტუველ ახალგაზრდებს საგანმანათლებლო და კულტურული კავშირების გაძლიერების შესაძლებლობა მისცა.
პროფესორ ვიდას კავალიუსკასის გარდაცვალება დიდი დანაკლისია სამეცნიერო საზოგადოებისათვის.“