საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი მწუხარებას გამოთქვამს ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტის დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, პროფესორ ვასილ კაჭარავას გარდაცვალების გამო.
გიორგი ამილახვარი: „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თსუ ამერიკისმცოდნეობის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელის, პროფესორ ვასილ კაჭარავას გარდაცვალების გამო.
ფასდაუდებელია ბატონი ვასილის წვლილი საქართველოში ამერიკანისტიკის განვითარების საქმეში. სწორედ მისი თაოსნობითა და ძალისხმევით დაარსდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტი, რომელიც დღემდე წარმატებით ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას.
ბატონი ვასილი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა „ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაციას“. მისი ავტორობით ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიის, პოლიტიკური სისტემისა და დიპლომატიის შესახებ არაერთი წიგნი და პუბლიკაცია გამოიცა, რომლებზეც მრავალი თაობა აღიზარდა.
ბატონი ვასილის გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია ქართული სამეცნიერო საზოგადოებისთვის. გულწრფელ სამძიმარსა და თანადგომას ვუცხადებ მისი ოჯახის წევრებს, ახლობლებს, კოლეგებსა და სტუდენტებს.“