საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს ესტუმრა, სტუდენტებთან შეხვედრა გამართა და უნივერსიტეტის საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურას გაეცნო.
გიორგი ამილახვარი: „დღეს ვესტუმრეთ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს, გავეცანით კამპუსის ტერიტორიაზე მიმდინარე აკადემიური პერსონალის საცხოვრებლისა და აკადემიური კორპუსის მშენებლობის პროცესს, დავათვალიერეთ სასწავლო კორპუსები, საერთო საცხოვრებელი, ბიბლიოთეკა და კაფეტერიის შენობები. ეს ყველაფერი კი, ნამდვილად ქმნის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეს, რომელიც გამორჩეულია არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი რეგიონის მასშტაბით.
უნივერსიტეტში ვიზიტის ფარგლებში ასევე შევხვდით პროფესორებსა და სტუდენტებს, რომლებმაც სასწავლო პროცესისას შექმნილი ინოვაციური პროექტები და პროგრამები წარმოგვიდგინეს.‘‘