საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი აგრძელებს მასწავლებლებთან შეხვედრებს. ამჯერად, მინისტრმა სამუშაო შეხვედრა ქალაქ ქუთაისში, იმერეთის რეგიონის სხვადასხვა სკოლის 200-მდე მასწავლებელთან გამართა და მათგან პირადად მოისმინა მოსაზრებები სკოლებში არსებული გამოწვევების შესახებ.
შეხვედრისას საუბარი შეეხო სასკოლო სახელმძღვანელოების გაუმჯობესების, მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს განვითარების ხელშეწყობისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის ირგვლივ არსებულ საკითხებს.
გიორგი ამილახვარმა განაცხადა, რომ პედაგოგთა კარიერული წინსვლის მხარდასაჭერად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აგრძელებს მასწავლებლის პროფესიული განვითარების სისტემის გადახედვის პროცესს, რაც მათი მაქსიმალური ჩართულობით, სქემის დახვეწას გულისხმობს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ზოგადი განათლების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე დროული და ეფექტიანი რეაგირების მიზნით, სკოლის მასწავლებლებთან სამუშაო შეხვედრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით პერმანენტულ რეჟიმში გააგრძელებს.