ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწესთან დევიდ ვან უილთან შეხვედრა გამართა.
ნატო-ს შტაბ-ბინაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ალიანსს შორის არსებულ მრავალწლიან ნაყოფიერ თანამშრომლობას – გიორგი ამილახვარმა მადლობა გადაუხადა დევიდ ვან უილს საქართველოს მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში საქართველოს საკითხის სათანადოდ ასახვის მნიშვნელობას.
მხარეებმა ასევე განიხილეს ნატო-ს პროგრამა „მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“ (SPS), რომელიც ხელს უწყობს საქართველოს სამეცნიერო საზოგადოების უფრო მეტად ჩართულობას საერთო უსაფრთხოების გამოწვევებისა და ნატო-ს პრიორიტეტების შესაბამის კვლევით საქმიანობაში. მინისტრის თქმით, ეს პროგრამა შესანიშნავ შესაძლებლობას აძლევს ქართველ მკვლევრებსა და ინოვატორებს წამყვან მეცნიერებთან ერთად იმუშაონ მნიშვნელოვან სამეცნიერო-კვლევით პროექტებზე. გიორგი ამილახვარმა განაცხადა, რომ NATO-ს პროგრამით „მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“ არაერთი ქართველი მკვლევარი უკვე დაინტერესებულია.
შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, ნატო-ს პროგრამის „მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“ (SPS) ფარგლებში, ნატო-საქართველოს სამეცნიერო დიალოგის ფორმატის შექმნაზე, რომლის ფარგლებშიც მოხდება იდეების გაცვლა და გამოცდილების გაზიარება. ნატო-სა და საქართველოს შორის სამეცნიერო დიალოგის ფორმატის ფარგლებში სამუშაო შეხვედრები გაიმართება როგორც საქართველოში, ასევე ბრიუსელში.
მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მრავალწლიანი სამეცნიერო თანამშრომლობის მნიშვნელობა და სამომავლოდ პარტნიორობის გაღრმავების მზაობა გამოთქვეს.
შეხვედრას ნატო-სთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ვიქტორ დოლიძე ესწრებოდა.