შეხვედრაზე მხარეებმა ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალ ჩარჩო პროგრამაში Horizon Europe საქართველოს სრული ჩართულობის გაძლიერების საკითხები და ამ მიმართულებით სამომავლო გეგმები განიხილეს.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროკომისიის კვლევისა და ინოვაციის დირექტორატის გენერალური დირექტორის მოადგილეს Horizon Europe-ის საქართველოს ეროვნული ოფისის დაფუძნებაში შეტანილი დიდი წვლილისა და მხარდაჭერისთვის. გიორგი ამილახვარის თქმით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სისტემის ინტერნაციონალიზაციის კუთხით ევროკომისიის კვლევისა და ინოვაციის დირექტორატის ხელშეწყობა მართლაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში სამეცნიერო კვლევების ხარისხის გაუმჯობესების საკითხს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობა არაერთ ინიციატივას ახორციელებს.
თავის მხრივ, ევროკომისიის კვლევისა და ინოვაციის დირექტორატის გენერალური დირექტორის მოადგილემ დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის მიერ მეცნიერებისა და კვლევების გაძლიერების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები და ქართულ მხარესთან აქტიური თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა გამოთქვა.