კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დაარსებიდან 65 წლისთავთან დაკავშირებით დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკაში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა.
ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილმა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ.
ნოდარ პაპუკაშვილმა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დაარსების დღე დამსწრე საზოგადოებას და ცენტრის წარმომადგენლებს მიულოცა. როგორც მან აღნიშნა, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი მართლაც არის ქვეყნის იდენტობის მაჩვენებელი, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებული ზრუნვის საგანს წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია სახელწოდებით „ქართული ხელნაწერი მემკვიდრეობა‘‘ 30 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება და ის ეძღვნება ორ მნიშვნელოვან თარიღს –კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის იუბილეს და ათონის ქართველთა მონასტერის, ივირონის დაარსებიდან 1040 წლისთავს.
კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი 1958 წლის 30 ივნისს პროფესორ ილია აბულაძის ინიციატივით დაარსდა. იგი უძველესი ხელნაწერი წიგნებისა და ისტორიული საბუთების ყველაზე მნიშვნელოვანი საცავია საქართველოში.