საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, ზოგადი განათლების განვითარების სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად, განათლების კოალიციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
მინისტრისა და ზოგადი განათლების განვითარების სამუშაო ჯგუფის მიზანია, რომ განათლების რეფორმის პროცესში მაქსიმალურად ჩაერთოს ყველა ის ორგანიზაცია და ექსპერტი, რომლებიც მრავალი წელია განათლების სექტორში მოღვაწეობენ და ამ კუთხით დიდი გამოცდილება აქვთ დაგროვებული.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ზოგადი განათლების მიმართულებით არსებულ გამოწვევებს, მათ შორის მხარეებმა სკოლების ავტონომიურობა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის დახვეწა, სახელმძღვანელოების ხარისხი, სასკოლო ინფრასტრუქტურა და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებები განიხილეს. განათლების კოალიციის წარმომადგენლებმა გიორგი ამილახვარს აღნიშნული საკითხების შესახებ საკუთარი მოსაზრებები და იდეები გაუზიარეს.
თავის მხრივ, მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს ზოგადი განათლების განვითარების კუთხით სამინისტროში მიმდინარე პროცესები გააცნო და რეფორმის განხორციელების პროცესში ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ სამუშაო ფორმატში შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.