საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ნოდარ პაპუკაშვილმა Rothschild & Co-ის პარტნიორი ორგანიზაციის Conduct-ის თანადამფუძნებლებთან, სტეფან ლინიგერთან და ტილლა ქავენგთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს რეგიონულ ჰაბად გარდაქმნის დოკუმენტი განიხილეს, რომელზეც მუშაობა, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, Rothschild & Co-თან გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში აქტიურად მიმდინარეობს. დოკუმენტი მიზნად ისახავს ქვეყნის მულტიფუნქციურ ჰაბად ჩამოყალიბებას როგორც კონკურენტული და მაღალი ხარისხის ტექნოლოგიების, ასევე განათლებისა და ფინანსური სერვისების მიმართულებით.
ნოდარ პაპუკაშვილმა Conduct-ის წარმომადგენლებს პროექტის განხორციელების პროცესში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აქტიური ჩართულობის მზაობა დაუდასტურა და აღნიშნა, რომ ქვეყნის რეგიონულ ჰაბად გარდაქმნის პროექტის მიზნები სამინისტროს პოლიტიკასთან სრულ თანხვედრაშია, რაც განათლების ინტერნაციონალიზაციისა და საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარების ხელშეწყობას გულისხმობს.
შეხვედრის ფარგლებში ასევე განიხილეს პროექტის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულების - Wealth Management Institute-ის შექმნის საკითხი და ამ კუთხით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჩართულობის მნიშვნელობაზე იმსჯელეს.
შეხვედრის დასასრულს მხარეები პროექტის განხორციელების პროცესში ერთობლივად გადასადგმელ ნაბიჯებზეც შეთანხმდნენ.
უკვე მეორე წელია საქართველოს მთავრობა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებითა და მანდატით, Rothschild & Co და Conduct-თან თანამშრომლობს. მხარეები ერთობლივი პროექტის ფარგლებში საქართველოს რეგიონულ ფინანსურ ჰაბად გარდაქმნის სტრატეგიის განვითარებაზე, ასევე ინვესტიციებისა და დამატებითი ფინანსური რესურსების მოზიდვის მიმართულებით მუშაობენ.