გრძელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში.
დელეგაციის წევრებს შორის არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო პეკინის ენისა და კულტურის უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის ბიუსტის გახსნის ღონისძიებაში.
გიორგი ამილახვარი: „საქართველო ჩინეთთან გადადის ურთიერთობის უმაღლეს ეტაპზე, ეს არის სტრატეგიული პარტნიორობა და სწორედ სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, რა თქმა უნდა, ფართოვდება ასევე თანამშრომლობა განათლების და მეცნიერების მიმართულებით. პრემიერ-მინისტრმა დღეს პეკინის ერთ-ერთ ცენტრალურ უნივერსიტეტში, ენისა და კულტურის უნივერსიტეტში გახსნა შოთა რუსთაველის ბიუსტი. ეს არის კიდევ ერთი ხაზგასმა იმ მეგობრობის და თანამშრომლობის, რომელიც არსებობს ქართველ და ჩინელ ხალხებს შორის. ჩვენ ვაწერთ ხელს მემორანდუმს, რომლითაც საფუძველი ჩაეყრება ურთიერთთანამშრომლობას როგორც უმაღლესი განათლების კუთხით, ასევე კვლევით ინსტიტუტებს შორის, კვლევითი პროექტების თანამშრომლობის კუთხით. ასევე ენების შესწავლის კუთხით და კულტურათა გაცვლის მიმართულებით. უმნიშვნელოვანესია, რომ მოხდეს ჩვენი და ჩინეთის უნივერსიტეტების დაახლოება, სტუდენტების და პროფესორების გაცვლითი პროგრამების დაფინანსება, ვინაიდან ეს ქართულ განათლებას და მეცნიერებას კიდევ მეტ შესაძლებლობებს შესძენს.”