საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა დიდი ბრიტანეთის საელჩოში ჩივნინგის (Chevening Scholarships) 2023-2024 სასწავლო წლის სტიპენდიატების მიღებაში მიიღო მონაწილეობა.
მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა, სტუდენტებს სტიპენდიის მიღება პირადად მიულოცა და მათ წარმატებები უსურვა.
გიორგი ამილახვარმა საუბრისას განათლების სფეროს განვითარების კუთხით დიდი ბრიტანეთის მთავრობის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ბრიტანეთის საელჩოს მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
გიორგი ამილახვარი: „მინდა, ყველა სტუდენტს მოგილოცოთ ჩივნინგის სასტიპენდიო პროგრამაში გამარჯვება. ეს მართლაც თითოეულისთვის უმნიშვნელოვანესი მიღწევა და უნიკალური შესაძლებლობაა. თქვენ გექნებათ საშუალება, მიიღოთ მაღალი ხარისხის განათლება, განსაკუთრებული გამოცდილება და დაუვიწყარი 1 წელი გაატაროთ დიდ ბრიტანეთში, სადაც დარწმუნებული ვარ, არაერთ მეგობარს შეიძენთ და თქვენი პროფესიული კავშირები კიდევ უფრო გაფართოვდება.
მჯერა, მიღებულ ცოდნას ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და კეთილდღეობას მოახმართ. სწორედ ჩვენს სტუდენტებზე – თქვენზე დგას ეს ქვეყანა და მომავალში ასეთი შემართებითა და მოტივაციით კიდევ ბევრჯერ ასახელებთ საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე.
მადლობას ვუხდი დიდი ბრიტანეთის მთავრობას, ბრიტანეთის საელჩოს საქართველოში, ჩივნინგის სასტიპენდიო პროგრამის წარმომადგენლებს და პარტნიორ ორგანიზაციებს განათლების სფეროს განვითარების ხელშეწყობისთვის და სტუდენტთა მხარდაჭერისთვის. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ ბრიტანულ მხარესთან მჭიდრო თანამშრომლობას და მოხარული ვარ, რომ ქვეყნებს შორის სხვადასხვა მიმართულებით პარტნიორობა კიდევ უფრო ძლიერდება.
2023 წელს ჩივნინგის პროგრამის დაარსებიდან 40 წელი გავიდა, ამ პერიოდის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში სწავლის დაფინანსება არაერთმა ქართველმა სტუდენტმა მიიღო. სისტემატურად ვმუშაობთ იმაზე, რომ უცხოეთში სწავლის უფრო მეტი შესაძლებლობა მივცეთ ჩვენს სტუდენტებს, რადგან მსგავსი პროგრამების განხორციელება ხელს უწყობს განათლების ინტერნაციონალიზაციას, რაც ჩვენთვის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს.“
სტიპენდიატთა მიღების ცერემონიის დასასრულს სტუდენტებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.
ჩივნინგი გაერთიანებული სამეფოს მთავრობის გლობალური სასტიპენდიო პროგრამაა, რომელიც 1983 წლიდან სტუდენტებს დიდ ბრიტანეთში სწავლის უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს. სტიპენდიატებს საშუალება ეძლევათ, ერთი წლის განმავლობაში იცხოვრონ დიდ ბრიტანეთში, სადაც ნებისმიერ უნივერსიტეტში სასურველ სამაგისტრო პროგრამაზე გააგრძელებენ სწავლას. ამ ეტაპზე პროგრამას 42 000-ზე მეტი სტიპენდიატი ჰყავს მსოფლიოს 118 ქვეყნიდან.
2023 წელს ჩივნინგის სტიპენდიის დაარსებიდან 40 წელი გავიდა. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში დაფინანსება 300-ზე მეტმა ქართველმა სტუდენტმა მიიღო.