საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ფინანსური დავალიანების მიზეზით სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს არსებული დავალიანება გაუნულდებათ.
უპრეცედენტო გადაწყვეტილება შეეხება საჯარო და კერძო უნივერსიტეტების, საქართველოს მოქალაქე დაახლოებით 30 000-მდე სტუდენტს, რომლებსაც ჯამში 40 მილიონამდე ლარის დავალიანება ჩამოეწერება.
პრემიერ-მინისტრის დავალებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და ფინანსთა სამინისტრო დაიწყებენ აქტიურ მუშაობას უნივერსიტეტებთან. იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის, რომლებიც სურვილს გამოთქვამენ და შეუერთდებიან სტუდენტებისთვის ამ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას. სამინისტროები შეიმუშვებენ საჭირო რეგულაციებს, რათა შეიქმნას შესაბამისი პირობები სტუდენტებისთვის დაგროვებული დავალიანების გასანულებლად.
მოგეხსენებათ, წლების განმავლობაში სტუდენტებისთვის სწავლის გადასახადის დაფარვა პრობლემას წარმოადგენდა - ხშირად ფინანსური დავალიანების გამო სტუდენტები იჩერებდნენ სტატუსს. დღეის მდგომარეობით, საჯარო და კერძო უნივერსიტეტებში ასეთი დაახლოებით 30 000-მდე საქართველოს მოქალაქე სტუდენტია, რომელთაც ახალი გადაწყვეტილების შედეგად, სურვილის შემთხვევაში, სტატუსის აღდგენისა და სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა მიეცემათ.