საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და Erasmus+ პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველო ბოლონიის პროცესის ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს თემატური სამუშაო ჯგუფის (TPG A on QF) ღონისძიებას მასპინძლობს.
ორდღიანი ღონისძიება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეებმა ნოდარ პაპუკაშვილმა და თამარ მახარაშვილმა გახსნეს და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს. შეხვედრაზე აღნიშნა, რომ სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს საქართველოს უმაღლესი განათლების ხარისხის ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან კიდევ უფრო დაახლოება და შესაბამის სტანდარტებთან ჰარმონიზაცია წარმოადგენს.
ღონისძიების ფარგლებში მონაწილეები ბოლონიის პროცესის თვითსერტიფიცირების მექანიზმებს განიხილავენ, რომლის წარმატებით გავლის შედეგად ქვეყანა უმაღლესი განათლების სისტემის ევროპული უმაღლესი განათლების საერთო სივრცესთან თავსებადობას ადასტურებს. ამასთან, შეხვედრაზე მხარეები ჯგუფის მიერ ჩატარებულ სამუშაოსა და სამომავლოდ გადასადგმელ ნაბიჯებზეც იმსჯელებენ.
ღონისძიებაში მონაწილეობენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, უმაღლესი განათლების სისტემის განვითარებაზე პასუხისმგებელი შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისა და ბოლონიის პროცესის მონაწილე 22 ქვეყნის წარმომადგენლები და უმაღლესი განათლების ექსპერტები.
მნიშვნელოვანია, რომ 2021 წლიდან საქართველო, ავსტრიასთან და ლატვიასთან ერთად, ბოლონიის პროცესის ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს თემატური სამუშაო ჯგუფის (TPG A on QF) თავმჯდომარეა. ჯგუფის მიზანია უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის (EHEA) ძირითადი ვალდებულებებისა და რეკომენდაციების ეროვნულ დონეზე იმპლემენტაციის ხელშეწყობა და ბოლონიის პროცესის სამუშაო სტრუქტურებისთვის პოლიტიკის რეკომენდაციების შეთავაზება.
აღნიშნულ ჯგუფში საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი წარმოადგენს. ჯგუფის წევრია ბოლონიის პროცესის 28 წევრი ქვეყანა და ევროპული ინსტიტუტები – ევროკომისია, ევროპის საბჭო, ევროპის სტუდენტური გაერთიანება და ევროპის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანება.