საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილმა, თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული განათლების მინისტრის პირველ მოადგილე ომერ ფარუქ იელქენჯთან, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ალი ქაან ორბაისთან და თურქეთის მაარიფის ფონდის თავმჯდომარე ბიროლ აქგუნთან ერთად, მაარიფის საერთაშორისო სკოლა გახსნა.
ნოდარ პაპუკაშვილმა მადლობა გადაუხადა თურქეთის სახელმწიფოს, თურქეთის ელჩსა და მაარიფის ფონდს საქართველოს განათლების სისტემაში შეტანილი წვლილისთვის და მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. თავის მხრივ, თურქეთის მაარიფის ფონდის თავმჯდომარემ მინისტრის მოადგილეს მადლობის სიგელი გადასცა.
სკოლის გახსნისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში ნოდარ პაპუკაშვილმა თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული განათლების მინისტრის პირველ მოადგილე ომერ ფარუქ იელქენჯთან, სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც მხარეებმა განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.
ინტერნაციონალური მაარიფის სკოლა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან როგორც საგანმანათლებლო, ასევე ინფრასტრუქტურული კუთხით. შენობა აღჭურვილია ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით, ბიბლიოთეკა-მედიათეკით, ობსერვატორიით და სრულადაა ადაპტირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.
მაარიფის საერთაშორისო სკოლის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა ასევე მიიღეს თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს, საქართველოს და თურქეთის პარლამენტების, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, საგანმანათლებლო სფეროსა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებმა.