კიოლნისა და თსუ-ს უნივერსიტეტების სამართლის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის – LL.M. zu Köln 15 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილმა მიიღო.
ნოდარ პაპუკაშვილმა მისასალმებელი სიტყვით მიმართვისას მადლობა გადაუხადა კიოლნისა და თსუ-ს უნივერსიტეტების წარმომადგენლებს პროგრამის შექმნისა და მის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სამინისტროს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა წარმოადგენს და ამ მიმართულებით მსგავსი ერთობლივი პროგრამების მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია.
სამაგისტრო პროგრამა, რომელიც 2007 წელს თსუ-ს პროფესორ გიორგი ხუბუასა და კიოლნის უნივერსიტეტის პროფესორის ანგელიკა ნიუსბერგერის ინიციატივით ამოქმედდა, მიზნად ისახავს ქართველი სტუდენტებისთვის გერმანული და ევროპული სამართლის დარგებში ცოდნის გაღრმავებას. პროგრამა აკადემიური ურთიერთგაცვლის სამსახურის (DAAD) და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს (Auswärtiges Amt) მხარდაჭერით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კიოლნის უნივერსიტეტის თანამშრომლობის საფუძველზე ხორციელდება.
აღსანიშნავია, რომ სამაგისტრო პროგრამის პირველი სემესტრი თსუ-ში, მეორე სემესტრი კი კიოლნის უნივერსიტეტში ხორციელდება. შექმნილია ბაზა, რომელიც გერმანულ-ქართული სამართლებრივი ოჯახის ფარგლებში პრაქტიკულ საქმიანობასთან ერთად, სამეცნიერო-შედარებით საქმიანობას უწყობს ხელს. მაგისტრანტებს წვდომა აქვთ კიოლნის უნივერსიტეტის უნიკალურ ბიბლიოთეკაზე, რომელიც მათ შესაძლებლობას აძლევს, ნაშრომი ევროპული სტანდარტების შესაბამისად შეასრულონ.
ღონისძიების დასასრულს თსუ-სთან ათწლიანი აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის, სამაგისტრო პროგრამა – LL.M zu Köln-ის მუდმივი მხარდაჭერისა და უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციაში შეტანილი წვლილისათვის პროფესორ დოქტორ კრისტიან ფონ კიოლნს მიენიჭა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ, საქართველოში გერმანიის ელჩმა ერნსტ პეტერ ფიშერმა, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) რეგიონული ოფისის ხელმძღვანელმა გებჰარდ როილმა, თსუ-ს საპატიო დოქტორმა, კიოლნის პროფესორმა ანგელიკა ნუსბერგერმა, თსუ-ს აკადემიურმა პერსონალმა და სტუდენტებმა.