საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გელა გელაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ სოფო გორგოძესთან ერთად, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, მოსწავლეებს მიღწეული წარმატება პირადად მიულოცა და მათ საჩუქრები გადასცა.
როგორც მინისტრის მოადგილემ საუბრისას აღნიშნა, ყოველწლიურად ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ორგანიზება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლების კუთხით და სამინისტრო მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს მსგავსი ღონისძიებების მხარდაჭერას.
დაჯილდოების ფარგლებში ოლიმპიადის პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ 52 მონაწილეს გადაეცა სასაჩუქრე ბარათები და შესაბამისი დიპლომები.
აღსანიშნავია, რომ ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში გამარჯვებულ მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, სურვილის შემთხვევაში, საქართველოს სახელით საერთაშორისო ოლიმპიადებში მიეღოთ მონაწილეობა.
2022-2023 წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით სამ ტურად ჩატარდა შემდეგ საგნებში: ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ქართული ენაში (არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებისათვის), მათემატიკაში, ისტორიაში, გეოგრაფიაში, ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიასა და უცხოურ ენაში. ოლიმპიადაში ჯამში 56 700-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. აქედან, მეორე ტურში 9000-მდე მონაწილე, ხოლო მესამე ტურში კი 600-ზე მეტი მოსწავლე გადავიდა.
ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობა შეუძლიათ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების როგორც საშუალო, ასევე, საბაზო საფეხურის მოსწავლეებს.
უახლოეს მომავალში გამოცხადდება 2023-2024 წლის ოლიმპიადისათვის რეგისტრაცია. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე: www.naec.ge