საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და კომპანია „გალფს“ შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში წარმატებული პირველკურსელების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მიიღო.
გიორგი ამილახვარმა ახალგაზრდებს მიღწეული წარმატება პირადად მიულოცა და კომპანია „გალფის‘‘ წარმომადგენლებსა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამინისტრო მსგავს წამოწყებებს სრულად უჭერს მხარს და მიესალმება კერძო სექტორის მხრიდან საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელებაში აქტიურ ჩართულობას.
გიორგი ამილახვარი: „დღეს გაიმართა 100 საუკეთესო სტუდენტისთვის სტიპენდიების გადაცემის ცერემონია, რომელიც უკვე მეორე წელია კომპანია „გალფის“ ინიციატივით ტარდება.
სწორედ სამინისტროსა და კომპანია „გალფს“ შორის არსებული თანამშრომლობა არის საჯარო-კერძო პარტნიორობის სანიმუშო მაგალითი, როდესაც სახელმწიფო და კერძო კომპანია ერთობლივად ახორციელებენ სტუდენტებისთვის ასეთ მნიშვნელოვან პროგრამას. ეს არის ინვესტიცია ჩვენი ქვეყნის მომავალში – განათლებაში და უდიდესი სტიმული თითოეული სტუდენტისთვის, რომელმაც მოიპოვა სტიპენდია. მჯერა, აღნიშნული პროგრამა შეუწყობს ხელს სტუდენტებს, უფრო შემართებით გააგრძელონ სწავლა და მიაღწიონ მეტ წარმატებას.
თითოეულ სტუდენტს, მათ მშობლებს და მთელ საქართველოს ვულოცავ ამ პროგრამის წარმატებით განხორციელებას. ჩვენ მივესალმებით მსგავსი ტიპის პროექტებს და ღია ვართ თანამშრომლობისთვის სხვადასხვა კომპანიასთან.‘‘
ღონისძიების ფარგლებში გამოვლინდა 100 წარმატებული პირველკურსელი, რომლებმაც 2023 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში საუკეთესო შედეგები აჩვენეს. ისინი ერთი სასწავლო წლის განმავლობაში ყოველთვიური სტიპენდიის სახით 300 ლარს მიიღებენ.
გარდა ამისა, საქართველოს ყველა რეგიონიდან შეირჩა საუკეთესო ქულების მქონე ერთი სტუდენტი –– ჯამში 10 პირველკურსელი, რომლებიც კომპანია „გალფის“ ინიციატივით 25-31 იანვარს გაემგზავრებიან ამერიკის შეერთებულ შტატებში, სან ფრანცისკოში, სადაც დაესწრებიან NBA-ს მატჩს და ესტუმრებიან სტენფორდის უნივერსიტეტს.
დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობა ასევე მიიღეს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილემ ალან პარსელმა, PETROCAS ENERGY GROUP-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ვანო ნაკაიძემ, GULF-ის გენერალურმა დირექტორმა ქრეიგ ქრამერმა და ფეხბურთელმა შოთა არველაძემ.
მნიშვნელოვანია, რომ ნიჭიერი ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობას მუდმივ რეჟიმში აგრძელებს. მათთან პარტნიორობის ფარგლებში, განათლების სხვადასხვა საფეხურზე ერთობლივი ძალისხმევით არაერთი მხარდამჭერი პროგრამა შემუშავდა. სწორედ ერთ-ერთი ასეთი კომპანია გახლავთ „გალფი“, რომელიც სამინისტროსთან თანამშრომლობით უკვე მეორე წელია ახორციელებს სასტიპენდიო პროგრამას სტუდენტებისთვის.