საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით და კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით, გაეროს წევრ ქვეყნებთან ერთად, საქართველოში რიგით მესამე – მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის გახსნის ღონისძიება გაიმართა, რომელიც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა გახსნა.
თამარ მახარაშვილმა კვირეულის ორგანიზებაში ჩართულ ყველა მხარეს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და ფორმალურ განათლებაში მედიაწიგნიერების ინტეგრირების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სამინისტრო აქტიურად უჭერს მხარს მედიაწიგნიერების სწავლების გაძლიერების კუთხით არსებულ ინიციატივებს და 2023-2024 სასწავლო წლიდან სკოლებში საშუალო საფეხურზე არჩევითი საგნების ჩამონათვალს საგანი – მედიაწიგნიერება დაემატება.
გახსნით ღონისძიებაზე, რომელსაც მასწავლებლები ესწრებოდნენ, „მედიაწიგნიერების გაკვეთილების‘‘ სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა და სახელმძღვანელოს პრაქტიკული გამოყენების შესახებ სემინარი ჩატარდა. ღონისძიება ჰიბრიდულ რეჟიმში წარიმართა და მასში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ნებისმიერ მსურველს ჰქონდა.
კვირეულის ფარგლებში, რომელიც 31 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება, დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობა თბილისსა და რეგიონებში, როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე პედაგოგებისთვის, მშობლებისთვის, სტუდენტებისა და სტარტაპეკოსისტემით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის.
ღონისძიებაში მონაწილეობა ასევე მიიღო გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში იესპერ მოლერმა და კომუნიკაციების კომისიის წევრმა ნათია კუკულაძემ.
მედია და ინფორმაციული წიგნიერების კვირეულის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://www.comcom.ge/ge/yvela-siaxle/comcom-is-organizebit-24-31-oqtombers-media-da-informaciuli-wignierebis-kvireuli-gaimarteba.page