საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ყოფილ პრეზიდენტსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტთან, პროფესორ ვოლფგანგ ჰერმანთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
გიორგი ამილახვარმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის განვითარების საქმეში გერმანული მხარის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გერმანიის სამეცნიერო საზოგადოებასთან დაახლოება კიდევ უფრო უწყობს ხელს საქართველოს უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციას.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა პირადად ვოლფგანგ ჰერმანს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
შეხვედრაზე მხარეებმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში შექმნილი აკადემიური პროგრამები განიხილეს და ადრონული თერაპიის ცენტრის პროექტთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს.
შეხვედრის დასასრულს ვოლფგანგ ჰერმანმა გიორგი ამილახვარს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით არსებული თანამშრომლობის გაფართოების მზაობა დაუდასტურა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე თევზაძე და კანცლერი მაგდა მაღრაძე, TUM International-ის გუნდის წევრები ფრედერიკ ჰეტინგერი და კატრინ რიხტერი და ფონდ „ქართუს‘‘ პროექტებისა და ოპერაციების დირექტორი ვახტანგ ცაგარელი.