ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტო (USAID), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, ახალ პროექტს იწყებს, რომლის ფარგლებშიც განათლების სისტემა 14 მილიონი ლარის ღირებულების დაფინანსებას მიიღებს.
პროექტის – „განათლება მომავლისთვის საქართველოში“ პრეზენტაციაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მიიღო მონაწილეობა, მან დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის – ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას მადლობა გადაუხადა განათლების სფეროს განვითარების მხარდაჭერისთვის.
გიორგი ამილახვარი: „ჩვენთვის ყველა ის პროექტი, რომელსაც ვახორციელებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად, განსაკუთრებით განათლების სფეროში, არის ძალიან მნიშვნელოვანი.
ჩვენი მთავრობისა და სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ზოგადი განათლების რეფორმა და დღევანდელი პროექტი, რომელიც USAID-თან თანამშრომლობით იწყება არის დიდი წინგადადგმული ნაბიჯი ამ მიმართულებით.
პროექტი სრულად პასუხობს იმ რეფორმებს, რომელთა განხორციელებასაც ახლო მომავალში სამინისტრო გეგმავს. წარმატებული თანამშრომლობის კარგი მაგალითია, USAID-სა და სამინისტროს შორის პარტნიორობა, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ერთად უზრუნველვყოფთ ზოგადი განათლების საფეხურზე არსებული პრობლემებისა და გამოწვევების დაძლევას.
პროექტი ასევე საშუალებას მოგვცემს, გავზარდოთ ჩვენი შვილებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა, გავაუმჯობესოთ ინფრასტრუქტურა და ხელი შევუწყოთ მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლებას.“
პრეზენტაციის ფარგლებში მონაწილეებს სიტყვით ასევე მიმართა USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილემ, ევროპისა და ევრაზიის ბიუროში, ელჩმა ერინ ელიზაბეტ მაქიიმ.