საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მედიაწიგნიერების გლობალური კვირეულის შემაჯამებელ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ახალგაზრდებში მედიაწიგნიერების კუთხით ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა კომუნიკაციების კომისიას კვირეულის ორგანიზებისთვის, თანამშრომლობისთვისა და საქართველოში მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობისთვის.
როგორც გიორგი ამილახვარმა აღნიშნა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გლობალური კვირეულის ჩატარებას სრულად უჭერს მხარს და აქტიურად თანამშრომლობს კომისიასთან, რათა ყოველ წელს დაინტერესებულ მხარეებს მიეცეთ შესაძლებლობა, გაეცნონ მედიაწიგნიერების განვითარების სტრატეგიულ ხედვას და ამ მიმართულებით საქართველოში განხორციელებულ პროექტებს. მინისტრის თქმით, 21-ე საუკუნეში ადამიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მედიაწიგნიერების კომპეტენციის განვითარება, რადგან დღეს საზოგადოებას ხელი მიუწვდება ინფორმაციის უზარმაზარ ნაკადზე და ამ პირობებში თანდათანობით უფრო რთული ხდება საკითხებში გარკვევა და ორიენტირება. სწორედ ამიტომ, სამინისტრო მაქსიმალურად უწყობს ხელს მედიაწიგნიერების სკოლებში ინტეგრირებას.
კონფერენციაზე მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით ასევე მიმართეს კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა, გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში, საბინე მახლიმ, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ და UNICEF-ის წარმომადგენელმა საქართველოში, იესპერ მოლერმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, როლანდ პრაისმა.
კონფერენციის ფარგლებში კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლებმა აუდიტორიას მედიაწიგნიერების მიმართულებით განხორციელებულ პროექტებსა და მიღწეულ შედეგებთან დაკავშირებით პრეზენტაცია წარუდგინეს. ComCom-ის პროექტების განხილვის შემდგომ, მედია და ინფორმაციული წიგნიერების საერთაშორისო გამოცდილების, მსოფლიო ტენდენციებისა და გამოწვევების შესახებ პანელური სესია გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ მედიაწიგნიერების კვირეულის შემაჯამებელი კონფერენციის მიზანი მედიაწიგნიერების სტრატეგიული ხედვისა თუ საერთაშორისო წარმატებული მაგალითების გაზიარება და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე დისკუსია გახლდათ.
მედია და ინფორმაციული წიგნიერების კვირეული კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით საქართველოში უკვე 3 წელია, გაეროს მიერ მიღებული რეზოლუციის ფარგლებში, ტარდება. კვირეული საზოგადოებაში მედიაწიგნიერებისა და მისი მნიშვნელობის შესახებ, ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.