საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, რომლის ფარგლებშიც ახალი პროექტი სახელწოდებით „განახლებადი ენერგეტიკის სექტორში სამუშაო ძალის განვითარება“ წარადგინეს.
მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, ქვეყანაში განახლებადი ენერგიების სფეროში კვალიფიციური კადრების მომზადების კუთხით პროექტის უნიკალურობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ მიმართულებით საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავება და ადამიანური კაპიტალის შექმნა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას მნიშვნელოვნად წაადგება.
გიორგი ამილახვარმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს თანამშრომლობისთვის და „განახლებადი ენერგეტიკის სექტორში სამუშაო ძალის განვითარების“ შესახებ ინიციატივის განხორციელებისთვის.
„განახლებადი ენერგეტიკის სექტორში სამუშაო ძალის განვითარების“ შესახებ პროექტი ბიზნეს ასოციაციის ინიციატივით აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის (USAID Industry-led Skills Development) პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის ჯამური ბიუჯეტი, დაახლოებით, 1 მლნ აშშ დოლარია და იგი 2 წლის განმავლობაში გაგრძელდება. ინიციატივის ფარგლებში, 2025 წლის ბოლომდე, ორივე პროგრამაზე 250 სტუდენტი გადამზადდება, ხოლო პროექტის დასრულების შემდეგ, ჯამში 1300 სტუდენტი.