საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, პროფესიული უნარების სააგენტოსა და ებერჰარდ შოკის ფონდს შორის ურთიერთთანამშრომლობის სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილმა, პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა თამარ ქიტიაშვილმა და ებერჰარდ შოკის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა პიტერ მიულერმა.
მემორანდუმის ძირითად მიზანს წარმოადგენს მზის ენერგიის წარმოების პოპულარიზაცია და აღნიშნული მიმართულებით, ადამიანური რესურსის შესაძლებლობების გაძლიერება.
ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებმა ასევე განიხილეს პროფესიული განათლების სისტემაში ევროპული სტანდარტების დანერგვის პერსპექტივები მზის ენერგეტიკის დარგის მიმართულებით.
მემორანდუმის ხელმოწერის ღონისძიებას, რომელიც კოლეჯ „მერმისში‘‘ გაიმართა ესწრებოდნენ საქართველოში გერმანიის საელჩოს, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ენერგეტიკის სფეროში მოქმედი კერძო და საჯარო ორგანიზაციების წარმომადგენლები.