საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერითა და პროფესიული უნარების სააგენტოს ინიციატივით ქალაქ რუსთავში კონკურსის - „წლის საუკეთესო რეგიონული თანამშრომლობა“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილმა მიიღო.
ნოდარ პაპუკაშვილმა მისასალმებელი სიტყვით მიმართვისას კონკურსის ფინალისტებს გამარჯვება მიულოცა, მათ წარმატება უსურვა და შესაბამისი სერტიფიკატები გადასცა.
აღსანიშნავია, რომ კონკურსის ფარგლებში 2022 წელს ნომინაციაში „წლის საუკეთესო რეგიონული მხარდამჭერი“ გაიმარჯვა რუსთავის მუნიციპალიტეტმა, შესაბამისად, წელს დაგეგმილი ღონისძიება ქალაქ რუსთავში გაიმართა. კონკურსის „2023 წლის საუკეთესო რეგიონული თანამშრომლობა‘‘ გამარჯვებული კი გახდა კოლეჯი ,,ბლექსის“ მიერ წარდგენილი პროექტი ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით.
დაჯილდოების ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, სხვადასხვა რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულები, მუნიციპალიტეტების მერები და რეგიონებში არსებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები.
კონკურსი - „წლის საუკეთესო რეგიონული თანამშრომლობა“ პირველად 2022 წელს ჩატარდა და მის მიზანს წარმოადგენს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს/თვითმმართველობებს შორის თანამშრომლობის საუკეთესო პრაქტიკის გამოვლენა და მათი სამომავლო პარტნიორობის წახალისება.