საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი, დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში გიორგი ამილახვარმა შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეცნიერებისა და განათლების მინისტრ ემინ ამრულაევთან, სადაც მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.
გიორგი ამილახვარმა მადლობა გადაუხადა ემინ ამრულაევს მასპინძლობისთვისა და მრავალწლიანი ნაყოფიერი პარტნიორობისთვის.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში უკანასკნელ წლებში კიდევ უფრო გაძლიერდა სექტორული თანამშრომლობა. ამ მიმართულებით კი განსაკუთრებული აქცენტი კეთდება განათლებასა და მეცნიერებაზე.
გიორგი ამილახვარმა განაცხადა, რომ ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობით უკვე მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტებზე. მინისტრის თქმით, ის თავად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეცნიერებისა და განათლების მინისტრთან ერთად, აქტიურად არის ჩართული პროცესებში.
შეხვედრაზე მხარეებმა ზოგადი და პროფესიული განათლების მიმართულებით პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები და სამომავლო გეგმებიც განიხილეს.
საუბარი შეეხო უმაღლესი განათლების განვითარების კუთხით საქართველოსა და აზერბაიჯანის უნივერსიტეტებს შორის კავშირების გაძლიერებისა და ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების მნიშვნელობას. ამასთან, შეხვედრის მონაწილეებმა მასშტაბური სამეცნიერო-კვლევითი პროექტებისა და სტუდენტთა გაცვლითი პროგრამების განხორციელების საკითხებზე იმსჯელეს.
თავის მხრივ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეცნიერებისა და განათლების მინისტრმა მადლობა გადაუხადა გიორგი ამილახვარს სამაგალითო პარტნიორობისთვის, მეგობრობისთვისა და ნაყოფიერი ვიზიტისთვის. როგორც საუბრისას ემინ ამრულაევმა აღნიშნა, ორ ქვეყანას შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში არსებული პარტნიორობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.
შეხვედრას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე წულაძე, მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე თევზაძე ესწრებოდნენ.