ბრიტანულ უნივერსიტეტში, უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საერთაშორისო Excellence School ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ნოდარ პაპუკაშვილმა მიიღო.
ნოდარ პაპუკაშვილმა მისასალმებელი სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და აღნიშნა, რომ მსგავსი სახის პროექტები მნიშვნელოვანია ქართულ უნივერსიტეტებში კვლევის შესაძლებლობების გაძლიერებისთვის, მათი კვლევითი სტრუქტურების, პროცესებისა და შედეგების ხარისხის გაუმჯობესებისთვის.
საერთაშორისო Excellence School-ის ფორმატით ღონისძიებები I2Q პროექტის ფარგლებში საქართველოში ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის (UCL) თანადგომითა და საკონსულტაციო კომპანია Savvy Business sLtd-სთან თანამშრომლობით ტარდება. პირველ ღონისძიებას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ბრიტანულ სასწავლო უნივერსიტეტთან ერთად უმასპინძლა. მისი თემატიკა მოიცავდა განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების მიმართულებით შემდეგ საკითხებს: საპროექტო შეთავაზებების შემუშავება საგრანტო კონკურსებისათვის, საკონკურსო პროექტების მართვის საუკეთესო პრაქტიკები და საკონკურსო პროექტების ფინანსური ასპექტები.
პირველ International Excellence School-ში მონაწილეობდნენ დოქტორანტები და ახალგაზრდა მკვლევრები როგორც ადგილობრივი - თბილისისა და რეგიონების უნივერსიტეტებიდან, ასევე საერთაშორისო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან.
საერთაშორისო Excellence School-ის ფორმატით საქართველოში კიდევ 2 ღონისძიება ჩატარდება, რაც გააძლიერებს აკადემიური და სამეცნიერო საზოგადოების შესაძლებლობებს საგრანტო პროექტების შემუშავების, ტექნოლოგიების ტრანსფერისა და ინოვაციების და ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის მიმართულებით.