საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, აშშ-ის ელჩ რობინ დანიგანთან ერთად, შეხვედრა გამართა USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ ფარგლებში შექმნილ ბიზნეს-ლიდერთა საბჭოს წევრებთან.
მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ყურადღება გაამახვილა პროფესიული განათლების განვითარების პროცესში საჯარო-კერძო პარტნიორობის მნიშვნელობაზე, რაც გულისხმობს ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებთან პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ერთობლივად განხორციელებას.
გიორგი ამილახვარის თქმით, სახელმწიფო პროფესიულ განათლებაში, კერძო სექტორთან/დამსაქმებლებთან ერთად, განახორციელებს ინვესტიციებს. აღნიშნული ხელს შეუწყობს ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი კადრების მომზადებას, რაც დასაქმების მაჩვენებელს მნიშვნელოვნად გაზრდის.
ღონისძიების ფარგლებში მთავრობისა და ბიზნესის წარმომადგენლებმა განიხილეს კერძო სექტორის ჩართულობის კონკრეტული მაგალითები დასაქმებისთვის საჭირო უნარების განვითარებისთვის, რაც შემდგომში სამსახურის მაძიებლებს ეკონომიკის ზრდად სექტორებში დასაქმებაში დაეხმარება და ადგილობრივ ბიზნესებს უზრუნველყოფს მაღალკვალიფიციური, მოთხოვნადი ადამიანური კაპიტალით.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე წულაძე და საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრი მარიამ ლაშხი.