საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, პირველ მოადგილე ალექსანდრე წულაძესთან ერთად, საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩთან ჭოუ ციენთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა განათლებისა და მეცნიერების სფეროებში ორი ქვეყნის წარმატებულ თანამშრომლობას და აღნიშნული პარტნიორობის გაძლიერების მიზნით გადასადგმელ ნაბიჯებს.
შეხვედრაზე მხარეებმა, გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ზოგადი განათლების საფეხურზე ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების და ჩინური ენის სწავლების ხელშეწყობის მიზნით საგანმანათლებლო რესურსების შემუშავების საკითხები განიხილეს.
შეხვედრის მონაწილეებმა ორ ქვეყანას შორის უმაღლესი განათლების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზეც იმსჯელეს. კერძოდ, საუბარი შეეხო ერთობლივი ორმაგი საერთაშორისო ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას, ასევე ქვეყნებს შორის „უმაღლესი განათლების ხარისხისა და დიპლომების/სერტიფიკატების ურთიერთაღიარების შესახებ" ხელშეკრულების პროექტს, რომელზეც მხარეები აქტიურად მუშაობენ.