27 ოქტომბერი მასწავლებლის ეროვნული დღეა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრში მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა დამსწრე საზოგადოებას, პედაგოგებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს და მათ პროფესიული დღე მიულოცეს.
საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის 2023 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემია და ფულადი პრიზები 11 ღვაწლმოსილ პედაგოგს გადაეცა. ესენი არიან:
✔️ ნუნუ ანდღულაძე - ზურაბ კიკვაძის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფნარის საჯარო სკოლის ქართული ენისა და მათემატიკის მასწავლებელი;
✔️ პეტრე ბიბლუა - „ევროპული სკოლის“ მათემატიკის მასწავლებელი;
✔️ ნაზიბროლა მიქელაძე - აბესალომ აბაშიძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ სხალთის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
✔️ მედეა ბორჩაშვილი - ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
✔️ მარინე ბერიანიძე - ქალაქ წალკის N1 საჯარო სკოლის ბიოლოგიისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებელი;
✔️ კახაბერ ჩაკვეტაძე - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი;
✔️ ვენერა აბუსელიძე - ქალაქ ბათუმის მე-18 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი;
✔️ ელმირა ქსპოიანი - ქ. ნინოწმინდის №1 საჯარო სკოლის სომხური ენის მასწავლებელი;
✔️ მედეია ტრამაკიძე - ერედვის მუნიციპალიტეტის ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი;
✔️ ნინო ჯალაღონია - ქალაქ თბილისის N141 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
✔️ სამირა ისმაილოვა - მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კასუმლოს საჯარო სკოლის ინგლისური ენის, როგორც პირველი უცხო ენის მასწავლებელი.
აღსანიშნავია, რომ კონკურსის ფარგლებში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, შეიკრიბა იმ მასწავლებელთა ისტორიები, რომლებსაც სხვადასხვა მიმართულებით განსაკუთრებული წვლილი აქვთ შეტანილი მოსწავლეების, სასკოლო საზოგადოებისა, თუ თემის განვითარებაში. ამის შემდეგ 11 გამარჯვებული გამოავლინა სპეციალურმა კომისიამ, რომელიც დაკომპლექტებული იყო სხვადასხვა პროფესიის მქონე ადამიანებით.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით პირველად საქართველოს უახლეს ისტორიაში მასწავლებლის ეროვნული დღე დაწესდა, რომელიც ყოველი წლის 27 ოქტომბერს – ქართველი პედაგოგის, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება.
ამ თარიღთან დაკავშირებით ყოველწლიურად, საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ღვაწლმოსილ პედაგოგებს გადაეცემა მასწავლებლის ეროვნული პრემია – სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო 10 000 ლარის ოდენობით.